საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ მგრძნობიარე ამბით, გარკვეული პოლიტიკოსები პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობენ.
კრიტიკის საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს დაღუპული მეომრების ღირსეულად დაკრძალვისთვის.
"ვუყურებთ რა, ბოლო დღეების განმავლობაში ატეხილ აჟიოტაჟს ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე, ადამიანი ომში გარდაიცვალა და ამაზე ვიღაც ფარისეველი, ყალბი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას. ამაზე ამორალური რაიმე არსებობს?!
მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია, დღიდან ომის დაწყებიდან უკრაინაში, ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. მათი ორგანიზებული არის ეს სამწუხაროდ. ომის პარტიის წარმომადგენლებს ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ უკრაინაში. მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული თავიდან. ყველას გახსოვთ როგორ მოიქცა მათი ლიდერი აგვისტოს ომის დროს. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე. რაზე საუბრობენ ეს ადამიანები, როგორ ბედავენ და ახსენებენ სამხედროების სახელს?! ე.წ. მთავარსარდალმა ყველაზე დიდი სირცხვილი აჩვენა ერს, მიწაზე იყო გართხმული. ასევე, თავდაცვის მინისტრი გამოიქცა ბრძოლის ველიდან. დღეს კი გამოდიან და ცდილობენ ასეთი მგრძნობიარე საკითხებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მღელვარების შემოტანას.
ყველას შევახსენებ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, პირველივე დღიდან საელჩოები ჩართულები იყვნენ მათი გადმოსვენება იქნება თუ ხარჯები, სამხედრო პატივით დავკრძალავთ. ყველაფერი გაკეთდა ჩვენს მიერ და სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი ყვირილისა და პიარის გარეშე. ამორალური პოპულიზმის არის უბრალოდ შემაშფოთებელი და ეს რაღაც არაქართული მოვლენაა. ქართველი კაცი ყოველთვის ღირსეულად გამოხატავს ჭირისუფალთან სამძიმარს," - განაცხადა პრემიერმა.