14 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
"ოცნება" ძალაში ტოვებს, რომ ცესკოს თავმჯდომარედ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ვადა აქვს გასული და აწ და მარადის შეიძლება იყოს თანამდებობაზე - პაატა მანჯგალაძე

ვენეციის კომისიის შეფასების შემდეგ ექნება თუ არა საარჩევნო რეფორმას ოპოზიციის იმ ნაწილის მხარდაჭერა, რომელმაც პირველ მოსმენაზე კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. პარტიებში პოზიციები განსხვავდება. ყველაზე რადიკალურად განწყობილია "სტრატეგია აღმაშენებელი". პარტიაში მიიჩნევენ, რომ შეთავაზებული ცვლილებები ფუნდამენტურ გამოწვევებს ვერ პასუხობს.

"მაშინ, როდესაც კვლავ ტოვებს ძალაში, რომ ცესკოს თავმჯდომარედ შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ აურჩევია არავის, ვადა აქვს გასული და აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე შეიძლება იყოს თავმჯდომარედ, ამაზე გვეუბნებიან, რომ არის პოზიტიური. წარმოდგენილი ცვლილებით, ერთ მილიონზე მეტს, საქართველოს მოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებს არ ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ეს არის თურმე წინ გადადგმული ნაბიჯი," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება ენმ-ს, "ნაციონალური მოძრაობა" კომისიის საბოლოო დასკვნას ელოდება.

"იმ პროექტში, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ არის წარმოდგენილი, არის მუხლები, რომელსაც მე პირადად ვეთანხმები, მაგრამ ასევე ჩვენი შეთავაზება უმრავლესობის მიმართ იყო, რომ გვაქვს წარმოდგენილი პროექტი - საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რაც მიგვაჩნია, რომ არის მნიშვნელოვანი. ძალიან კარგი იქნებოდა და მე ვფიქრობ აუცილებელი 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი რეკომენდაციის შესასრულებლად, თუ იმ პუნქტებიდანაც იქნება გათვალისწინებული," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსსა და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებზე ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ წარმოადგინეს დასკვნის პროექტი, სადაც პოზიტიური შეფასებები იკვეთება. 

დღის ამბები