"ქართული ოცნების" წევრი, რატი იონათამიშვილი "სტრატეგია აღმაშენებელს" ევროკომისიის 12 რეკომენდაციების შესრულების დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებს.
რატი იონათამიშვილი პარტიის წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, "ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული საარჩევნო რეფორმა გამოწვევებს ვერ პასუხობს.
საპასუხოდ, იონათამიშვილი აცხადებს, რომ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის წინსწრებით წარმოდგენილ დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ის პოზიტიური შეფასებები, რომლებიც კონკრეტულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული.
"უმთავრეს საკითხს გაუსვა ხაზი ვენეციის კომისიის პირველადმა დასკვნამ, რომ სამუშაო პროცესის არსი დადებითად შეფასებული. ასევე, დადებითად არის შეფასებული სამუშაო ჯგუფში თითოეული პოლიტიკური სუბიექტის მონაწილეობა.
ამის საპირისპიროდ, როდესაც "სტრატეგია აღმაშენებელი" ფარსს უწოდებს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნას, ისინი ამითი სიძულვილის ენით გამოდიან ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე და მათ ორმაგ სტანდარტს უსვამს ხაზს.
მნიშვენელოვანია, რომ ამ დასკვნას დადებით შეფასებასთან ერთად აქვს რეკომენდაციები, რომელიც ძალიან საინტერესოა. მეორე მოსმენის ფორმატში გვექნება მსჯელობა და კონკრეტული შეთავაზებები, იმისთვის, რომ ინიცირებული რედაქცია კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ამ სულისკვეთებას," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსსა და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებზე ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ წარმოადგინეს დასკვნის პროექტი, სადაც პოზიტიური შეფასებები იკვეთება.