ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ. ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან, მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას და 15%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ლარი იქნება, რაც გაუმართლებელია.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით მთავრობა 2024 წლიდან დამატებითი შემოსავლის მიღებას ვარაუდობს.
"მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ, რომ ეკონომიკური საბჭოს ფორმატში ჩვენ გვქონდა განხილვები და რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მინდა ვაცნობო ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის ბიზნეს-სექტორს, საბანკო სექტორს.
პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ ჩვენ საფინანსო სექტორისთვის მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე, მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას და ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება, ამ ინიციატივით შევდივართ პარლამენტში, იმიტომ, რომ უბრალოდ გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ, 2 მილიარდი ლარი იქნება ბანკების მოგება წელს, წლის ბოლომდე, 2 მილიარდი ლარი სუფთა მოგება.
ამას გარდა, ჩვენი გადაწყვეტილებით და ინიციატივით, პარლამენტს რა თქმა უნდა, მივმართავთ ამის თაობაზე, მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვების ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც მანამდე ასე არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში. უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ გვაქვს ძალიან განვითარებული საბანკო სისტემა, ორი მსხვილი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას, მაგრამ ეს არის მცირედი კორექტივები, რომელიც ჩვენ შევიტანეთ კანონმდებლობაში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირებისთვის და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებისთვის დამატებით 3 წლის ვადით, 2026 წლამდე გაგრძელდება.