14 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში დაიწყო - სალომე ზურაბიშვილსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრა უკვე გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას პირისპირ შეხვდა. განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის განვითარების საკითხები. ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. პრეზიდენტებმა ისაუბრეს უკრაინის ომსა და რეგიონში არსებულ საფრთხეებზე, ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე.

ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონური საზოგადოება პატივს სცემს საქართველოს, რადგან ახსოვთ თუ როგორ იცავდა ქვეყანა ტერიტორიულ მთლიანობას 2008 წელს.

"ჩემთვის უდიდესი პატივია ქალბატონ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვუმასპინძლო ამ რთულ დროს, როდესაც რუსული აგრესია მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ. არავისთვის არ არის საიდუმლო რომ ჩვენი საერთო ევროპული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშა დგას. მსურს ქალბატონ პრეზიდენტს მადლობა გადავუხადო მისი პოზიციისთვის, რომელსაც ის აფიქსირებს მიმდინარე მოვლენებთან, რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი პოზიციის დაფიქსირება იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც რუსული აგრესიის მსხვერპლნი არიან. ქალბატონი სალომე იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ისტორიულად და გეოგრაფიულად ხვდება, თუ რამხელა საფრთხის შემცველია რუსული აგრესია არამარტო უკრაინისთვის, ასევე პოლონეთისთვის და საქართველოსთვის. პოლონური საზოგადოება დიდ პატივს სცემს საქართველოს. გვახსოვს, თუ როგორ იცავდა საქართველო თავის ტერიტორიას 2008 წელს. ჩვენმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ 2008 წელს საქართველოში ჩავიდა და თავისი ღია პოზიცია დააფიქსირა, მან საქართველოს მხარდამჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა," - განაცხადა დუდამ.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

"მინდა დღეს ასევე გამოვიყენო ეს ტრიბუნა და აქედან მივაგო პატივი იმ ქართველ მებრძოლებს, ვინც არიან ჩართული თავიანთი ნებით და თავდადებით, ჩვენი მეგობარი და ძმა უკრაინელების ბრძოლაში. ჩვენ დავკარგეთ 33 ქართველი და მათი ხსოვნა იქნება უკვდავი.

რუსეთმა აჩვენა თავისი ნამდვილი სახე. ისევ გამოავლინა თავისი აგრესიული, იმპერიალისტური და ექსპანსიონისტური სახე და 10 თვეა რაც მიმდინარეობს ეს სასტიკი და უსამართლო ომი უკრაინის მიმართ. საქართველო არის სოლიდარული უკრაინასთან, საქართველომ იცის თუ რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, რამეთუ ეს ფასი საქართველომ 1921 წელს, 2008 წელს, 92 წელს, - გადაიხადა.

ყველამ ვიცით რომ საქართველოს არ აქვს ის პოტენციალი, რომ ჩაერთოს ამ ომში და ეს არც იქნებოდა სწორი," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები