14 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის ბრძოლის ფორმები "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა - მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესები ენმ-ს საბოლოოდ დაშლამდე მიიყვანს

სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის ბრძოლის ფორმები "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. თავმჯდომარეობის მსურველი ლევან ხაბეიშვილის მიერ ორგანიზებული აქცია, მიუღებელია მოქმედი თავმჯდომარისა და პარტიის სხვა წევრებისთვის.

შეუთანხმებელი, არაფრისმომცემი და უშინაარსო - ეს მხოლოდ ნაწილია იმ შეფასებების, რომელიც ხაბეიშვილმა ოპოზიციური პარტიის ამომრჩევლისგან მიიღო.

რას ემსახურებოდა ხაბეიშვილის აქცია - სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვას თუ მისი მომხრეების გადაბირებას? ამ კითხვებზე "ნაციონალურ მოძრაობაში" ყველას თავისი პასუხი აქვს.

არჩევნების თარიღის დასახელებამდე 1 კვირით ადრე, შიდა არჩევნების საკითხი "ნაციონალურ მოძრაობაში" მხარეებს შორის კვლავ უთანხმოების მიზეზია. ლევან ხაბეიშვილის ფლანგი, რომელიც საარჩევნო კამპანიაში უკვე აქტიურადაა ჩართული, ახალი თავმჯდომარის არჩევას წლის ბოლომდე ითხოვს. ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები კი არც კამპანიის დაწყებას და არც არჩევნების ჩატარებას ჩქარობენ. ამბობენ, რომ კამპანიის ვადები და შესაბამისი პროცედურები კვირას, პოლიტსაბჭოზე დამტკიცდება.

საარჩევნო კამპანიას ჯერ მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი აწარმოებს, თუმცა, საკუთარი კამპანიის დაწყება უკვე დააანონსა მესამე კანდიდატმა - გიორგი მუმლაძემ. ის არ არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თუმცა, სიახლეების საზოგადოებისთვის გასაცნობად აქტიურად იყენებს პარტიის ბრიფინგ ოთახს, სწორედ აქ გააკეთა განცხადება მუმლაძემ, რომ კამპანიას იწყებს. მის შტაბს ალიკა კუპრავა, რეგიონულ მიმართულებას კი გიორგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

ერთმანეთის კრიტიკის მიუხედავად, სამივე კანდიდატი 2 დღის წინ, ერთად იდგა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე. ერთმანეთს არ დალაპარაკებიან და არც ერთობლივი მსვლელობა ჰქონიათ, თუმცა შეთანხმდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა მათთვის პრიორიტეტულია. ამ შეთანხმების მიუხედავად, აქცია დაპირისპირებული მხარეების მხარდამჭერებში მალევე გახდა განხეთქილების მიზეზი, უფრო კონკრეტულად კი, მისი ჩატარების ფორმა.

პარტიაში მიმდინარე პროცესები მმართველი გუნდის მოსაზრებით "ნაციონალურ მოძრაობას" საბოლოოდ დაშლამდე მიიყვანს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს 3 საათზე გაიმართება, სწორედ ამ დღეს გაირკვევა როდის იქნება არჩევნები და რა ფორმით ჩატარდება ის.

დღის ამბები