ქართული დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ჰოლანდიას სტუმრობს - ქართველი პარლამენტარები ბერლინიდან ჰააგაში ჩავიდნენ. ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ქართული დელეგაცია ჰოლანდიის თანხმობასაც ელოდება. უმრავლესობითა და ოპოზიციით დაკომპლექტებული დეპუტატთა ჯგუფი დღეს, ერთმანეთის მიყოლებით ჰოლანდიის პარლამენტის ორივე პალატისა და წამყვანი კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციამ დღესვე შეხვედრა ევროჯასტის პრეზიდენტთანაც გამართა. საუბრის მთავარი თემა კი ტრანსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია და მის განხორციელებას ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება.
ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, ზაფხულში, ნიდერლანდების პარლამენტში გაიმართა დებატები, რომელზეც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების დეპუტატებმაც იგივე პოზიცია დააფიქსირეს, დღეს კი თავის კოლეგებთან შეხვედრისას ზედა და ქვედა პალატიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის სურვილია რაც შეიძლება მალე იყოს შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს კანდიდატობის სტატუსი.
"ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს ნიდერლანდების პარლამენტში მრავალპარტიული მხარდაჭერა ჩვენს ევროპულ გზასა და ინტეგრაციის პროცესში. გარდა ამისა, ნიდერლანდების პარლამენტთან გვაკავშირებს ის განსაკუთრებული პარტნიორობა, რომელიც მომდინარეობს ტვინინგის პროექტისგან, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის დახმარებით და სადაც ჩვენი პარტნიორი გახლავთ სწორედ ნიდერლანდების პარლამენტი. სწორედ ეს თანამშრომლობა ჩვენ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ განსაკუთრებული მჭიდრო ურთიერთობა შეიძლება გვქონდეს კომიტეტების დონეზეც ორ პარლამენტს და აქედან გამომდინარე უფრო ინტენსიურად იყვნენ საქმის კურსში თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ შესრულდეს 12 პუნქტი," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.