უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, "მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად", უკრაინას არ მიუიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით.
"ყოველთვის გულწრფელი და ღია ვიყავით ჩვენს განზრახვებში. კვლავ გვჯერა, რომ სამხედრო დახმარებისთვის უკრაინის მიმართვა მოძმე საქართველოსადმი იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა გადარჩენა-არ გადარჩენაზე, სიცოცხლისა და სიკვდილზე, სრულიად იყო გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელი, რადგან ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა ქართველი ლტოლვილების ევაკუაციაში სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება 2008 წელს.
ასევე, გამართლებული და აუცილებელი იყო უკრაინაში თავდადებული ქართველი ვაჟკაცების გაშვების ორგანიზებული მცდელობა, რომელთაც გადაწყვიტეს დაეცვათ ჩვენი ქვეყნები საერთო მტრისგან - რუსეთის ფედერაციისგან.
ასევე, ჩვენ უარვყოფთ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით. ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ამ თემაზე მუდმივი ბრალდებებითა და სპეკულაციებით“, - განაცხადა კასიანოვმა.
მისივე თქმით, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ისარგებლა ამ შესაძლებლობით, მოიშორა და მიაწოდა უკრაინას მოძველებული იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთა შენახვის ვადა უახლოვდება გამოყენების ზღვარს და მოითხოვდა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მათი უტილიზაციისთვის.
"ამას ხაზს უსვამს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორ ქვეყნებთან მრავალმხრივი და ორმხრივი გამოსვლების დროს. დიდი ოცეულის სამიტზე თავის გამოსვლაში, რომელიც ახლა G-19-ის სამიტად გადაიქცა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია აგრესიით, ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული ტერორიზმის შეწყვეტით.
მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა პარტნიორს, ვინც მოგვაწოდა ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ჩამოვაგდოთ რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი და ირანული დრონები“, - განაცხადა კასიანოვმა.