14 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
ლატვიის მიერ რუსული ტელეკომპანია "დოჟდისთვის" მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმებას, პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა თბილისში - როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

ლატვიის მიერ რუსული ტელეკომპანია "დოჟდისთვის" მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილებას პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა თბილისში. დღეს არაერთხელ გაიხსენეს ფაქტი, როდესაც რუსული ტელეარხის ჟურნალისტი მიხაილ ფიშმანი საქართველოში არ შემოუშვეს.

მმართველი გუნდის წევრებმა პარალელი გაავლეს ლატვიაში დღეს მომხდარსა და მარტის მოვლენებთან, გააკრიტიკეს ოპონენტებიც, თუმცა ოპოზიცია ამ ორ მოვლენას შორის დიდ შინაარსობრივ განსხვავებას ხედავს. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ მოტივი განსხვავებულია და ლატვიამ ტელევიზიის გადაცემებში რუსული ჯარის მხარდამჭერი განცხადებები დაინახა. 

ლიეტუვა უჩერებს იმის გამო, რომ დაინახეს რუსული ჯარის მხარდამჭერი განცხადებები ამ ტელევიზიის გადაცემებში. მოტივი სხვადასხვაა - ლიეტუვამ იმიტომ კი არ შეუჩერა, რომ რუსეთი არ გაღიზიანდეს, პირიქით, პრორუსული განწყობა რომ დაინახა ცალკეულ გადაცემაში, ამის გამო შეუჩერა. ამიტომ, მოტივი არის აბსოლუტურად განსხვავებული,“ - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ლატვიის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, რომელმაც  ჟურნალისტ მიხაილ ფიშმანის საქართველოში არ შემოშვება და ის მოვლენები გაიხსენა, რაც ამ ფაქტს მოჰყვა. 

"თუკი ვინმე ევროპაში გამოდის ხისტი პოზიციით, ამ შემთხვევაში ნეგატიურად ხისტს არ ვგულისხმობ, ბალტიის ქვეყნები წარმოადგენენ ასეთებს, ძალიან მკაფიო პოზიციებით ამასთან დაკავშირებით და ამ ქვეყნებში, როდესაც ხდება ლიცენზიის არ მიცემა კონკრეტული საინფორმაციო საშუალებისათვის და ჩვენ გვახსენდება ამის ფონზე რა ამბავი ატყდა დოჟდის 30 ჟურნალისტი რომ იყო საქართველოში შემოსული და შემდეგ კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით 31-ე ვერ შემოდიოდა, ეს იყო დემოკრატიის დასამარება თითქოს. როდესაც დოჟდთან დაკავშირებით ლიცენზიის პირობებზე და ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმასთან გვქონდა საქმე, რა პიარ კამპანია იყო აწეული, თითქოს ჩამოიქცა ეს ქვეყანა. ეს იყო ერთ კვირიანი ინტენსიური პიარული დაბომბვის მცდელობა ქართული ხელისუფლების. და ამ დროს, როდესაც, ბალტიის ქვეყნებმა იგივე გადაწყვეტილება მიიღეს, აბა ჰკითხეთ დღეს იგივე რესპოდენტებს, რომლებიც ასეთ შტურმს ახორციელებდნენ ქართულ დემოკრატიაზე და სახელმწიფოზე, დღეს რა პასუხი აქვთ?“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე,  რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ლატვიამ ფაქტობრივად, ეს ტელეკომპანია ჰიბრიდული ძალის გამოყენებაში ამხილა რუსეთის სასარგებლოდ. 

"ეს არის დამაფიქრებელი გარემოება და თუ ჩვენ შევხედავთ, ვინ არის დღესაც ლატვიის ამ განცხადებების შემდეგაც ამ არხის მხარდამჭერი ჩვენთან, ესენიც არიან მხილებული ჰიბრიდულ ძალაში ასევე რუსეთის სასარგებლოდ. როდესაც, ყოველ ჯერზე ცდილობდნენ, რომ ძირი გამოეთხარათ ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

 

 

დღის ამბები