უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს ღიად თქვა, რომ კიევი თბილისს იარაღის მიწოდებას სთხოვს. დიპლომატის განმარტებით, სამხედრო დახმარების მოთხოვნა მათი მხრიდან ლეგიტიმურია.
უკრაინის მხრიდან იარაღით და სამხედრო ტექნიკით დახმარების მოთხოვნა, საქართველოს ხელისუფლებისთვის სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ მონაწილეობას ნიშნავს.
ოპოზიციამ, რომელიც ომის დაწყების დღიდან უკრაინისთვის მეტ დახმარებას ითხოვს, დღეს აქცენტი მხოლოდ გენერატორებისა და გამათბობლების მიწოდებაზე გააკეთა.
უნდა გადასცეს თუ არა საქართველომ უკრაინას სამხედრო შეიარაღება - ამ კითხვას ოპოზიციის უმრავლესობამ დღეს თავი აარიდა, თუმცა ზოგიერთმა არ უარყო, რომ ეს მოთხოვნა რისკებს შეიცავს.
ოკუპირებული ქვეყანა სამხედრო მხარდაჭერას უკრაინას ვერ გაუწევს - ასეთია ქართული ოცნების პოზიცია. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ უკრაინელი დიპლომატის გზავნილები არამეგობრული და ხელისუფლების დაზიანებისკენ იყო მიმართული.
უკრაინელმა დიპლომატმა წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე დღეს ისიც თქვა, რომ საელჩო საკრებულოს თბილისის ქუჩებისთვის უკრაინისა და საქართველოს გმირების სახელების მინიჭებასაც სთხოვდა. საკრებულომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ინიციატივის განხილვას ახალი ელჩის დანიშვნის შემდეგ აპირებს. ელჩი კი რომელიც უკრაინას საქართველოდან გაწვეული ჰყავს, შესაძლოა მომავალი წლის თებერვალში დაინიშნოს. კასიანოვის ინფორმაციით შესაბამისი პროცედურები დაწყებულია.