14 ნოემბერი 2024,   21:12
ვრცლად
ყოფილი თავმჯდომარის ჯანმრთელობა და ახალი თავმჯდომარის არჩევა - ორი მთავარი გამოწვევის ფონზე ,"ნაციონალური მოძრაობის" ორი კანდიდატი შესაძლოა ერთის წინააღმდეგ გაერთიანდეს

ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე ნიკა მელიას დამარცხებას ერთობლივი ძალებით აპირებენ. კურიერისთვის ცნობილი ხდება, რომ ორმა კანდიდატმა ეს გადაწყვეტილება პარტიაში ჩატარებული შიდა კვლევების შემდეგ მიიღო, სადაც მოქმედი თავმჯდომარე ლიდერობდა. თავად მუმლაძე და ხაბეიშვილის მომხრეები მელიას წინააღმდეგ გაერთიანებას უარყოფენ. ორივე მხარე ამბობს, რომ ბრძოლას არჩევნებში დამოუკიდებლად გეგმავს.

პარტიის მეორე ნაწილს ალიანსებზე საუბარი უდროოდ მიაჩნია. ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ახლა პრიორიტეტული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, სხვა ყველა საკითხი კი ხატია დეკანოიძის აზრით, არჩევნების შემდეგ გაირკვევა.

მანამ, სანამ არჩევნები ჩატარდება და შედეგებიც ცნობილი იქნება, პარტიის მხარდამჭერებსა და გიორგი მუმლაძის მომხრეებს მოქმედ თავმჯდომარესთან კითხვები აქვთ. გიორგი კაპანაძე იმ სავარაუდო შეხვედრაზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძესა და "ლელოს: სხვა ლიდერებს შორის შედგა. 

თავად პარტია "ლელოს" ლიდერებს ამ დრომდე ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი მელიას ფრთა ამბობს რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ნიკა მელია მედიასთან დღეს არ გამოჩენილა, მან სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და ხვალ 12 საათზე პარტიაში შეკრება ჩანიშნა. მოქმედმა თავმჯდომარემ ყველა კანდიდატს და პარტიის სხვა წევრებსაც მოუწოდა დაესწრო შეხვედრას - საუბრის მთავარი თემა, მელიას თქმით, 9 დეკემბერს ჩანიშნული მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იქნება. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთიანობის არ სჯერა მმართველ გუნდს, სადაც ამბობენ, რომ გავლენისთვის ბრძოლა, ოპოზიციურ პარტიას დაშლამდე მიიყვანს.

არჩევნების თარიღის განსასაზღვრად "ნაციონალურ მოძრაობაში" უკვე დაგეგმილია პოლიტსაბჭოს შეკრებაც, სხდომა კობა ნაყოფიამ ხაბეიშვილის მომხრეების მოთხოვნით კიევიდან ჩანიშნა. პარტია არჩევნებზე სამსჯელოდ 11 დეკემბერს შეიკრიბება.

დღის ამბები