პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ავტოკრატიაზე საუბრობენ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ავტოკრატიის ყველაზე მახინჯს და ცუდ ფორმას წარმოადგენდნენ, ამ სიტყვებით რატი იონათამიშვილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ორგანიზატორებს ეხმიანება.
იონათამიშვილი ამბობს იმასაც, რომ ამ ადამიანების მიზანია რადიკალური დღის წესრიგის განვითარება
"როდესაც სამოქალაქო დღის წესრიგის სახელით ასრულებ, პოლიტიკურ და თანაც რადიკალური ოპოზიციის დავალებებს და ამაზე იღებ დაფინანსებას ევროკავშირისგან, ცხადია ეს დამატებით კითხვის ნიშნებს გააჩენს და მე ვფიქრობ, ამაზე უმჯობესი იქნება განმარტებების გაკეთება.
ვხედავთ, რომ ამ ადამიანების მიზანია რადიკალური დღის წესრიგის განვითარება. ავტოკრატიაზე გვესაუბრებიან იმ პოლიტიკური პარტიის გამგრძელებლები, ვინც თავის დროზე ავტოკრატიის ყველაზე მახინჯს და ცუდ ფორმას წარმოადგენდნენ. შესაბამისად ჩვენ უნდა ვიყოთ დემოკრატიის ერთგულები და არა იმათი ვინც დემოკრატიას ძირს უთხრის,"-აცხადებს რატი იონათამიშვილი.
ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის – "ეს ქვეყანა შენიას" წლევანდელი გამარჯვებული, აჭარიდან 5 ადამიანისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფია, რომლებიც აჭარაში ტრენინგებს ატარებენ. ერთ-ერთი გამარჯვებული ნიაზ ჩიტიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მთავარი გამოწვევა ავტორიტარული რეჟიმია.