14 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
უკრაინის დახმარების საშუალებებს გამოვნახავთ და გავაგრძელებთ, რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ცხადად ვთქვით, რომ ამ ომში, როგორც სახელმწიფო არასოდეს ჩავერთვებით - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს უკრაინისთვის დახმარების საშუალებების გამონახვას და დახმარება ჰუმანიტარული ფორმით გაგრძელდება, ხოლო სამხედრო ფორმით ეს არ მოხდება. 

"დახმარების საშუალებებს გამოვნახავთ და რა თქმა უნდა, ამ დახმარებებს გავაგრძელებთ. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ჩვენ ამის შესახებ ცხადად ვთქვით, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ ამ ომში, როგორც სახელმწიფო, არასოდეს ჩავერთვებით, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და მმართველი გუნდი, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ხალხის წინაშე," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ომში ჩართვის თაობაზე ღიად იყო საუბარი. 

"რაც შეეხება ომში ჩართვის თემას. ძალიან ბევრი რაღაც ითქმის საჯაროდ, ბევრი რაღაც არ ითქმის, მაგრამ ერთს გეტყვით მთავარს და შეგახსენებთ ყველას, რომ უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რომ არამხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები დაიხოცნენ, არამედ ქართველებიც, ეს ომი და ფრონტი უნდა გადავიდეს საქართველოშიცო. ეს იყო მისი ოფიციალური განცხადება. ამის გარდა, ჩვენ არაერთი ანალოგიური შინაარსის განცხადება მოვისმინეთ და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც სამწუხაროდ თუ საუბედუროდ არ ითქმის საჯაროდ. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში არის მმართველი პარტია "ქართული ოცნება" და ჩვენ ყველანი, ხელისუფლება, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარი, უზენაესი არის ჩვენი ხალხის ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ჩვენი საქართველოს ინტერესები. 

ჩვენ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, ყველა ხალხს ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე მეტად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მე, როგორც ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში ვარ ვალდებული, რომ დავიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამას ვაკეთებ," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები