პარლამენტის თავმჯდომარემ ლუქსემბურგში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. დაგეგმილია შეხვედრები მთავრობისა და დეპუტატთა პალატის წარმომადგენლებთან, ასევე ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტთან. ამით საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტს დაასრულებს. თითქმის ორკვირიანი ტურნეს განმავლობაში ლუქსემბურგის გარდა ქართველი კანონმდებლები იმყოფებოდნენ ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიასა და ნიდერლანდებში. ვიზიტის მთავარ მიზნად საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი მხარდაჭერის მობილიზება სახელდება.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე თითოეული სიტყვა ცხადყოფდა რომ ლუქსემბურგი არის საქართველოს მხარდამჭერი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
"ვიცე-სპიკერის ძალიან თბილი დახვედრა და მისი თითოეული სიტყვა ცხადყოფდა რომ ლუქსემბურგი არის ჩვენი პარტნიორი ჩვენს ევროპულ გზაზე და განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერა იგრძნობოდა ამ შეხვედრის დროს როდესაც ვსაუბრობდით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, ისევე როგორც რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და რუსეთის საფრთხეზე, რომელიც საფრთხეა არამხოლოდ მთელი ცივილიზირებული სამყაროსთვის, არამედ დიდი ხანია საფრთხეა საქართველოსთვის," - განაცხადა სამნიძემ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ მათ მოისმინეს მზაობა, რომ ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
"მოვისმინეთ შეფასებები ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ივნისის თვეში და ასევე მზაობა, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად გადადგას ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ლუქსემბურგი ამ პროცესში იქნება მხარდამჭერი ქვეყანა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ჩვენ გავაგრძელებთ პოლიტიკურ დიალოგს ჩვენს კოლეგებთან ლუქსემბურგში და მოველით რომ ისინი აქტიურად დაუჭერენ მხარს საქართველოს წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში," - განაცხადა ბოჭორიშვილმა.