14 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
"მათ გულთან ერთად მათი ხმაც ჩვენი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერია" - ქართული საპარლამენტო დელეგაცია ევროტურს ლუქსემბურგით ასრულებს

ქართული საპარლამენტო დელეგაცია ევროტურს ლუქსემბურგით ასრულებს. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ქართველი დეპუტატები ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიისა და ნიდერლანდების შემდეგ შეხვედრებს ევროკავშირის სამი დედაქალაქიდან ერთ-ერთში მართავენ. საქართველოს მხარდაჭერა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად და ალიანსში გასაწევრიანებლად, ეს ის მთავარი თემებია რაზეც საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები ლუქსემბურგის პარლამენტში გამართული შეხვედრების დროს განიხილა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი სამუშაო ვიზიტი ლუქსემბურგის საჰერცოგოში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სწორედ ლუქსემბურგი არის NATO-ს და ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა. საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ლუქსემბურგის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღეს შალვა პაპუაშვილს და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს საკმაოდ ღია და გულწრფელი საუბარი ჰქონდათ ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტებთან და სხვადასხვა კომიტეტების დეპუტატებთან.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ ქვეყნის მხარდაჭერა, არამედ ლუქსემბურგის შინაარსობრივი დახმარება იმისთვის, რომ საქართველოს ინსტიტუტები და კანონმდებლობა ევროპულ ჩარჩოს დაუახლოვდეს.

"დღეს გვქონდა ძალიან თბილი შეხვედრა იმის გააზრებით, რომ ჩვენ, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილი, ახლა უფრო ინტენსიურ კონტაქტზე უნდა ვიყოთ ერთმანეთთან და ეს არის რაც ზოგადად ხაზად გასდევს ჩვენს შეხვედრებს ევროპაში. ჩვენ რა თქმა უნდა გვჭირდება ყველა ქვეყნის, მათ შორის ლუქსემბურგის დახმარება ამ გზაზე. შინაარსობრივი დახმარება იმისთვის რომ ჩვენი ინსტიტუტები, ჩვენი კანონმდებლობა დაუახლოვდეს ევროკავშირის ჩარჩოებს და მეორე - ჩვენ გვჭირდება ყველა წევრი ქვეყნის ხმა და ჩვენ დღეს ლუქსემბურგში გვითხრეს, რომ მათ გულთან ერთად მათი ხმაც ჩვენი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერია," - განაცხადა პაპუაშვილმა.

ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი კი ამბობს, რომ საქართველოს ადგილს ევროპულ ოჯახში ხედავს და ქვეყანამ ამაზე მუშაობა უნდა გააგრძელოს.

"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველომ არჩევანი ევროკავშირზე გააკეთა. ვხედავთ, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს მუშაობა და იდგმება აუცილებელი ნაბიჯები კანდიდატობის სტატუსის მისაღებად. მე დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება" ნამდვილად ევროპული ოცნებაა და ჩვენ საერთო ხედვები გვაქვს იმ კოშმართან დაკავშირებით, რაც რუსული ძალების აგრესიის გამო ხდება სუვერენულ ქვეყანაში. ევროპული საზოგადოების მიერ დაწესებული პირობების შესრულების შემთხვევაში გზა თავისუფალია. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავით იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოექცა ევროკავშირი აღმოსავლეთის ზოგიერთ სახელმწიფოს კანდიდატობისკენ მიმავალ გზაზე. თუ საქმე კარგად შესრულდება, შედეგი მალე ნათელი გახდება," - განაცხადა

სამუშაო ვიზიტი ლუქსემბურგის საჰერცოგოში ხვალ გაგრძელდება. შეხვედრა გაიმართება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტთან, რის შემდეგაც ქართული დელეგაციის ევროპული ტურნე დასრულდება.

დღის ამბები