14 ნოემბერი 2024,   21:14
ვრცლად
პარლამენტში იმ კანდიდატების მოსმენა დაიწყო, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადები შეიტანეს 

პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების მოსმენას იწყებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველს ზურაბ აზნაურაშვილს მოუსმინეს. დეპუტატების კითხვები ძირითადად სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას ეხებოდა. თავად კანდიდატის ხედვით, მთავარი პრიორიტეტი ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობაა.

ამასთან, კითხვით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორს კითხვით საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარემ მიმართა. იაგო ხვიჩიას კითხვა ნაფიცმსაჯულებს შეეხებოდა. კერძოდ, დეპუტატს სურდა გაეგო დაუჭერს თუ არა აზნაურაშვილი მხარს იდეას, რომლის თანახმადაც ბრალდებულს აქვს უფლება აირჩიოს ნაფიცმსაჯულები განიხილავენ მის საქმეს თუ არა.  

"ჩვენ გვაქვს იდეა, რომ ბრალდებულის უფლება იყოს, თუ მას პატიმრობა ემუქრება 6 თვეზე მეტი ვადით- მას ჰქონდეს უფლება აირჩიოს და მისი საქმე განიხილოს ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ თუ ჩვეულებრივმა სასამართლომ. თქვენ უჭერთ თუ არა ამ მიდგომას მხარს?!" - ჰკითხა ხვიჩიამ. აზნაურაშვილი მიიჩნევს, რომ ბრალდებულს უნდა ჰქონდეს არჩევნის უფლება.  

"საკმაოდ დადებითი მოსაზრება მაქვს და ვთვლი, რომ უნდა იყოს არჩევანის შესაძლებლობა, რომ საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა,"-აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი.

ასევე, სასამართლოში არსებული გამოწვევების შესახებ ჰქონდა კითხვა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილეს რატი იონათამიშვილს. 

"რა არის სამი მთავარი გამოწვევა დღეს არსებობს ქართულის სასამართლოებისთვის,"- ჰკითხა იონათამიშვილმა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი პრობლემად გადატვირთულობას ასახელებს.

"აღვნიშნე ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის საკითხი. აღვნიშნე გადატვირთულობის საკითხი და იმ ვაკანსიების არსებობა დღეს სასამართლოში, რომელიც განაპირობებს ამ გადატვირთულობის და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის საკითხს,"-აცხადებს ზურაბ აზნაურაშვილი.

ამასთან, აზნაურაშვილს კითხვით საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმაც მიმართა. ანა ნაცვლიშვილის კითხვა არამოსამართლე წევრებს შეეხებოდა. 

"როგორ უყურებთ იუსტიციის საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის არ ყოფნას წელიწადზე დიდი ხნის განმავლობაში და როგორ აფასებთ იმას, რომ პარლამენტმა ამდენი ხნის განმავლობაში კონკურსი არ გამოაცხადა,"- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. 

კითხვის საპასუხოდ ზურაბ აზნაურაშვილმა ნაცვლიშვილს განუცხადა, რომ შესაძლოა აღნიშულ საკითხს სჭირდებოდეს კონსესუსი, რაც რთული მისაღწევია. 

"ვერ გეტყვით რატომ არ აცხადებდა პარლამენტი ამ ვაკანსიას. შეიძლება ამისთვის საჭიროა კონსენსუსი და დღესაც რთული მისაღები გადაწყვეტილებაა, ალბათ, კანდიდატებზე შეჯერება და შეთანხმება,"- აცხადებს ზურაბ აზნაურაშვილმი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს ასევე, ვიქტორ ახალბედაშვილის, ტრისტან ბენაშვილის, კარლო ბზიშვილის და ზაზა ბუაჩიძის კანდიდატურებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს განხილავს და ამ კანდიდატებს უსმენს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთ ვაკანტურ ადგილზე 32 კანდიდატია წარდგენილი.

დღის ამბები