ოპოზიციის ნაწილის შეხვედრა "ნაციონალურ მოძრაობაში" რამდენიმე წუთის წინ დასრულდა - მიზანი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადასაყვანად საერთო გეგმაზე შეთანხმება იყო.
შეხვედრას არ დაესწრო ლევან ხაბეიშვილი, რომელიც რეგიონებში შეხვედრებს მართავს, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მივიდნენ მისი წარმომადგენლები. შეხვედრაზე არ მისულა არც მესამე კანდიდატი, გიორგი მუმლაძე.
"დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი - მეტი თავისუფლება" აცხადებენ, რომ ახლა მთავარი კოორდინირებული მოქმედებები და ზეწოლის გაძლიერებაა.
"ყველასი, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, მიუხედავად მოსაზრებებისა ტაქტიკურ სვლებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს როგორც მთავარ სისტემურ პარტიაში - ნაციონალურ მოძრაობაში, ასევე მთლიანად ოპოზიციაში, ყველას ვალია, რომ ეს ტრაგედია არ დავუშვათ და მოხარული ვარ, რომ სრული ერთობა ამ საკითხის გარშემო არსებობს. თუ ამ რეალობას თვალს არ უსწორებს ხელისუფლება, ბუნებრივია პროცესები ვერანაირად ვერ განვითარდება, ისე როგორც ვითარდება დღეს," - განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუმცა ოპოზიციის ნაწილის განმარტებით, გამოიყენებენ ყველა შესაძლებლობას - მათ შორის იქნება აქციები და რადიკალური ქმედებებიც.
"მიხეილ სააკაშვილის თემა შეხვედრის მთავარი საკითხი იყო, ეს არ არის ერთი პარტიის სანერვიულო და გადასაწყვეტი საკითხი, ეს არის საზოგადოებისა და სახელმწიფოს ღირსების საქმე და პოლიტიკური ელიტის ღირსების საქმეც, რომ ჩვენ მივაღწიოთ იმას, რომ სახელმწიფომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის და პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი შეთანხმდა იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ოპოზიციას საერთო კოორდინაცია ექნება.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება საერთო კოორდინაცია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველა ჩვენი ქმედება პირდაპირ პროპორციულია და დამოკიდებული არის ქართული ოცნების და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, ყველა სცენარი გავიარეთ. და მესამე საკითხი, გვექნება ასევე ოჯახთან კომუნიკაცია ჩვენ სამს და გვექნება სხვა ოპოზიციურ კოლეგებთანაც კომუნიკაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლებას" თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
"კონკრეტული გეგმების განხილვა აქ არ ყოფილა, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ გვექნება კოორდინაცია ერთმანეთში უფრო მეტი, ვიდრე აქამდე გვქონია. შევთანხმდით უახლოეს მომავალში კიდევ შეხვედრაზე. ბევრი ვისაუბრეთ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და იმაზე თუ რა მდგომარეობა არის, რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს უახლოეს მომავალში, სურათი არის საკმაოდ მძიმე. შევთანხმდით ასევე, რომ ოჯახს შევხვდეთ და ოჯახს დაველაპარაკოთ. საბოლოო ჯამში მგონია, რომ ყველა პოლიტიკურმა სპექტრმა აქედან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს," - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
პარტიის "დროას" თავმჯდომარე ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშილის საკითხი არ არის და არ იქნება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" საზრუნავი.
"დარწმუნებულები ვართ, რომ კოორდინაცია არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. განვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გავცვალეთ ინფორმაცია ერთმანეთთან, ვისაუბრეთ შესაძლო სცენარებზე. პირდაპირ მინდა ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ არის და არ იქნება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის“ საზრუნავი საკითხი, აქ იქნება ერთობა, ამ ერთობაში ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავარჩინოთ და ქვეყნიდან ის გავიდეს," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.