დღეს, ლუქსემბურგში ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტი სრულდება. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის შეხვედრა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტთან. ქართული საპარლამენტო დელეგაცია ლუქსემბურგში გუშინ, ნიდერლანდებიდან ჩავიდა. უკვე შედგა შეხვედრა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს პირველ პირებთან.
ქართველი პოლიტიკოსები თვლიან, რომ ლუქსემბურგის როგორც NATO-ს და ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყნის მხარდაჭერა, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია.
"სასამართლოს პრეზიდენტთან შეხვედრა საინტერესო იყო გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც აკეთებს ევროკავშირის კანონმდებლობის ინტერპრეტაციებს, რასაც ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ასევე ჩვენს საკანონმდებლო პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მასთან შეხვედრა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, ასევე, შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით,"- აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.
ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტთან დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა, რა დროსაც საუბარი შეეხო თანამშრომლობის მომდევნო ნაბიჯებს.
"ევროპა არის მრავალფეროვნება ერთიანობაში, ერთიანობა მრავალფეროვნებაში და სწორედ ამ სტრუქტურებში ელოდებიან საქართველოს. ახლა ჯერი ჩვენზეა, ხელისუფლებაზე, ოპოზიციაზე, როგორ შევასრულებთ იმ დავალებებს, რომლებიც მოგვცეს ჩვენმა პარტნიორებმა," - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.