მმართველი გუნდის განცხადება რეგულაციაზე, რომელიც მოქალაქეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს და რომლის მიხედვით "სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას" პოლიტიკური ოპონენტების და უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილის მხრიდან მუქარად შეფასდა.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ არ არის საუბარი ვინმესთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, კანონი არც ავტომატურ ქმედებებს ითვალისწინებს. მისი თქმით, თემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოქალაქეთა ნაწილი ომში პოლიტიკური აქტორების მობილიზაციის შედეგად ერთვება.
კრიტიკულია ოპოზიცია - ხელისუფლების განცხადებები პარტიების ნაწილში შეაფასეს როგორც მუქარა იმ ქართველი მეომრების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ არ შეიძლება ერის მოღალატეებმა მოქალაქეობა წაართვან გმირებს და პატრიოტებს, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს იცავენ.
"მდინარაძემ კიდევ ერთი დანაშაულებრივი განცხადება გააკეთა, ის ფაქტობრივად დაემუქრა ჩვენს მებრძოლ გმირებს, რომ მათ შეიძლება მოქალაქეობა დაკარგონ საქართველოსი. პირველი, ჩვენ ვართ კონვენციის წევრი და მოქალაქეობის არ მქონე პირად ვერავის ვერ დატოვებს საქართველო, - ეს არის ტყუილი, და მეორე - როგორ შეიძლება ამ მშიშარა და ერის მოღალატეებმა მოქალაქეობა წაართვან გმირებს და პატრიოტებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს იცავენ," - ამბობს ვაშაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია ამ თემაზე საუბარი, როდესაც საქართველომ 6 მებრძოლი დაკარგა, ომის პარტიის რიტორიკის გამეორებაა.
"არანაირი "ევრიკა" არ არის ის, რომ თუ ჩვენი მოქალაქე უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მიდის მასთან დაკავშირებით მოქალაქეობის ჩამორთმევის არა აუცილებლობა, მაგრამ შესაძლებლობა სახელმწიფოს აქვს. ამ საკითხით მანიპულაცია და ამ თემის გაჟღერება მაშინ, როდესაც საქართველომ 6 მებრძოლი დაკარგა და წუხელ ჩამოასვენეს ერთ-ერთი, ეს არის კიდევ ერთხელ ძალაუფლების შენარჩუნების და ისევ ომის პარტიის რიტორიკის გამეორება," - განაცხადა აქუბარდიამ.