მედიაში გავრცელებული ექსპერიმენტი იმ მიმოწერას ასახავს, რომელიც სამხედრო შენაერთ "ლეგიონის" წარმომადგენელსა და ომში წასვლის მსურველ ქართველ მოქალაქეს შორის შედგა - გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მათ, ვისაც საომარ მოქმედებებში ჩართვა სურთ კოორდინაციას "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის, ნონა მამულაშვილის ძმა უწევს. მიმოწერაში საუბარია ანაზღაურებაზეც - უკრაინაში წასვლის შემთხვევაში, მეომარს მამუკა მამულაშვილი ყოველთვიურად 2000 დოლარამდე სთავაზობს.
მებრძოლებისთვის თანხის გადახდა "ქართული ოცნებისთვის" იმის დადასტურებაა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს საქართველოდან უკრაინაში მეომრები ანაზღაურების სანაცვლოდ მიჰყავთ. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპონენტები ამ ფორმით ქვეყნის ომში ჩართვას ცდილობდნენ. თავად ოპოზიცია კი, გავრცელებულ ინფორმაციას, ხელისუფლების მხრიდან მებრძოლების დაკნინების მცდელობად აღიქვამს.
კიდევ ერთი თემა, რასაც პოლიტიკური ბრალდებები მოჰყვა - უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩართვის გამო მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ერთ-ერთ ეთერში გაკეთებული განცხადება ოპოზიციის კრიტიკის მიზეზი გახდა. თავად მდინარაძემ დღეს ოპონენტებს კანონმდებლობა შეახსენა და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულა.
კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობას დაკარგავს იმ შემთხვევაში, თუკი ის, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე სხვა ქვეყნის სამხედრო, პოლიციის ან უშიშროების სამსახურებში შევა, თუმცა ეს კანონი არ ეხებათ მოხალისეებს.