14 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
ნინო ლომჯარიას ვადა ამოეწურა - პარლამენტი ახალი სახალხო დამცველის ასარჩევად ემზადება

პარლამენტი ახალი ომბუდსმენის ასარჩევად ემზადება. მთავარი კრიტერიუმები გაწერილია - დამოუკიდებლობა, ობიექტურობა და მიუკერძოებლობა, ანუ ის თვისებები, რაც მმართველი გუნდის შეფასებით წინა სახალხო დამცველს არ ჰქონდა.

ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დღეიდან ამოეწურა. მის მოვალეობას პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე შეასრულებს. მეორე მოადგილე კი ომბუდსმენობისთვის იბრძვის. გიორგი ბურჯანაძე, არჩევის შემთხვევაში ლომჯარიას პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს. მისთვის, უკვე ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ კრიტიკა, დაუსაბუთებელია.

ლომჯარიას გუნდის საქმიანობა საქართველოში ამერიკის ელჩმაც შეაფასა. კელი დეგნანის თქმით, მომავალი სახალხო დამცველი კომპეტენტურთან ერთად გაბედულიც უნდა იყოს.

სახალხო დამცველის არჩევას 90 ხმა სჭირდება - ანუ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის კონსენსუსი. როგორ აირჩევენ ახალს, როდესაც ძველი ომბუდსმენის საქმიანობის შეფასებაშიც ვერ თანხმდებიან?

ორმაგი სტანდარტი, შერჩევითი მიდგომა, პოლიტიკური მიკერძოებულობა - ეს "ქართული ოცნების" არგუმენტებია, უმრავლესობაში დღესაც აცხადებდნენ, რომ ლომჯარია ოპოზიციური გავლენებისგან თავისუფალი არ იყო.

ვინ გახდება ნინო ლომჯარიას შემცვლელი - მემკვიდრე საკუთარი ოფისიდან, მესამე სექტორიდან, თუ კანდიდატი პარლამენტიდან, ეს კენჭისყრის შედეგებით გადაწყდება. ახალი სახალხო დამცველის არჩევას დეპუტატები შესაძლოა მომდევნო კვირაში შეეცადონ.

დღის ამბები