ვის ერგება პარტიის თავმჯდომარის პორტფელი - "ნაციონალურ მოძრაობაში" თანხმდებიან, რომ პროცესი მალე უნდა დასრულდეს. მოხდება თუ არა ახალი თავმჯდომარის არჩევა წლის ბოლომდე - ხვალ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც პარტიის წევრები არჩევნების ჩატარების ფორმაზე და წესზე იმსჯელებენ, ასევე, პოლიტსაბჭოს სხდომაზე დასახელდება არჩევნების ჩატარების თარიღი.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც პოლიტსაბჭომ უნდა იმსჯელოს, ეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი უცხოეთში გადაყვანის საკითხებია.
"რაზეც უნდა იმსჯელოს ხვალ პოლიტიკურმა საბჭომ, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, მისი გადაყვანა უცხოეთში და მიმდინარე სასამართლო პროცესები, იმიტომ, რომ ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი და ამაში ყველა ვართ ერთიანი და მათ შორის, მზად ვართ მოვისმინოთ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის გეგმა ამ საკითხთან მიმართებაში. ასევე იქნება მსჯელობა მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ პარტია უნდა იყოს მზად ნებისმიერ გადაწყვეტილებისთვის და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამთავრდეს ის ტურბულენტობა, რომელიც ამ წუთას არის "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტია მხარს უჭერს ცვლილებებს, ახალ მუხტს, ენერგიას და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ადამიანი არის ლევან ხაბეიშვილი," - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნუგზარ წიკლაური ყურადღებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამახვილებს.
"ხალხი არ შეეგუება იმას, რომ მის თვალწინ კლავდნენ მის მოქალაქეს და მის მესამე პრეზიდენტს. მიხეილ სააკაშვილისადმი მიმართული ანგარიშსწორება არ არის ერთი ადამიანისადმი მიმართული ანგარიშსწორება. ეს არის ანგარიშსწორება ასობით ათას იმ ადამიანზეც, ვის მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილს," - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.