14 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციას ჰქონდეს მკაფიო პოზიცია და არავინ გადაუხვიოს საკუთარ განაცხადს - გიორგი ვაშაძე ომბუდსმენის არჩევაზე

მომავალი კვირიდან პოლიტიკურ პარტიებს შორის სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება. მხარეებმა საერთო კონსესუსამდე მისვლა უნდა შეძლონ, რათა ქვეყანას ახალი სახალხო დამცველი ჰყავდეს. ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2 დღის წინ ამოეწურა. ახალი ომბუდსმენის არჩევას დეპუტატების 90 ხმა სჭირდება, რაც ოპოზიციისა და მმართველი გუნდის კონსესუსს მოითხოვს.

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სექტორის მხრიდან წარმოდგენილია სამი კანდიდატი და "ქართულ ოცნებას" შეუძლია სამიდან მისთვის ყველაზე მისაღები აირჩიოს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას ჰქონდეს მკაფიო პოზიცია და არავინ არ გადაუხვიოს საკუთარ განაცხადს და არ შეეკრას "ქართულ ოცნებას", რომ გააყვანინოს რომელიმე მისთვის სასურველი კანდიდატი. სამი კანდიდატია წარდგენილი სამოქალაქო სექტორის მხრიდან და "ქართულ ოცნებას" სამიდან შეუძლია აირჩიოს მისთვის ყველაზე მისაღები. ეს არის ძალიან მკაფიო, კონკრეტული პოზიცია," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის მიხეილ დაუშვილის თქმით, მიუკერძოებელ კანდიდატზე შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა "ქართული ოცნება" ეცდება აღნიშნულ პოსტზე მისთვის სასურველი კანდიდატი გაიყვანოს.  

"რესურსი იმისა, რომ დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ კანდიდატზე შევთანხმდეთ, ამის შესაძლებლობა არსებობს. თუმცა, ოცნებისგან მე მოლოდინი არ მაქვს, რომ ისინი იმოქმედებენ სახელმწიფო ინტერესებით. ოცნება ყველანაირად ეცდება, რომ ამ პოზიციაზე ჰყავდეს თავისთვის ლოიალური კანდიდატი. გამოსავალი უნდა იყოს კომპრომისი სახელმწიფო ინტერესის სასარგებლოდ და გამოსავალი უნდა იყოს მაღალი პოლიტიკური კონსესუსი," - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

დღის ამბები