ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრები მსჯელობენ, როდის და რა ფორმით ჩატარდება პარტიის თავმჯდომარის არჩევნები.
ლევან ხაბეიშვილის მომხრეები "ფეისბუქით", ღია კენჭისყრას უჭერენ მხარს, ნიკა მელიას მხარდამჭერები კი ბლოკჩეინით, ამომრჩევლის ანონიმურობის დაცვის პრინციპს ემხრობიან.
"პარტიას სჭირდება ცვლილებები, ახალი ენერგია, ახალი მუხტი, პარტია უნდა იყოს სრულად გამართული, ამიტომ ვფიქრობ, რომ ლევან ხაბეიშვილის შრომისუნარიანობა, მისი მებრძოლი ხასიათი სჭირდება დღეს პარტიას ყველაზე მეტად. ვფიქრობთ, რომ სჯობია ღია და გამჭვირვალე სისტემა, ვინაიდან არჩევნების შემდგომ არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშანი, რომ დახურულ სისტემაში პარტიის არაკეთილმოსურნები ჩაერივნენ ამ არჩევნებში," - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.
შეხვედრაზე უნდა განიხილონ სამოქმედო გეგმაც მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით.
"როდესაც უკვე პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება, მე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ უპასუხისმგებლო იყო ის ნაბიჯები და ფორსირება, რომელიც დაიწყო ჩვენი მეგობრების ერთმა ჯგუფმა მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების და სიცოცხლის საკითხი არ იყო გადაწყვეტილი. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ჩვენი მეგობრისათვის გაცილებით მნიშვნელოვანი არის ეს შიდაპარტიული ბატალიები, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის საკითხი. ამ პოლიტიკურ ეტაპზე ნიკა მელია არის ყველაზე უფრო შესაბამისი იმ მიზნებისთვის, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს. ეს მიზნები არის საგარეო პოლიტიკური კავშირები, პირადი ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ასევე, შიგნით კოორდინაციის სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის და მობილიზების უნარი," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.