"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს კონსულტაციები სახალხო დამცველის ირგვლივ და მმართველმა პარტიამ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ შეთანხმებას მიაღწიოს ოპოზიციის იმ ნაწილთან, ვისაც პრინციპული პოზიციები აქვთ რიგ კანდიდატებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ომბუდსმენის კანდიდატებთან დაკავშირებით, მხარეებს ხისტი პოზიციები აქვთ, რაც შეთანხმებას ართულებს. როგორც იოსელიანი აღნიშნავს, ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურას მოსმენაზე არ გამოცხადების გამო ის მხარს არ დაუჭერს.
"მე ვისურვებდი, რომ ორივე მხარემ წითელ ხაზებს გადახედოს და დააახლოვეს პოზიციები, რადგან აქ ჩვენი და სხვა პატარა პარტიების როლი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" შეთანხმება კანდიდატებზე, რადგან მათ, ოპოზიციას ჰყავს თავისი გამოკვეთილი ფავორიტი კანდიდატები და "ქართული ოცნება“ ამბობს, რომ არ ჰყავს კანდიდატი, თუმცა მოუწევს ვიღაცაზე არჩევანის შეჩერება. არის მესამე გამოსავალი, რაც არის ამ სიტუაციაში ყველაზე ცუდი, თუ ჩავარდება კანდიდატი და თუ საერთოდ ეს პროცესი ჩავარდება და მერე მოგვიწევს ამ ყველაფრის ახლიდან დაწყება.
ამიტომ, მგონია, რომ ყველამ უნდა ჩადოს ძალისხმევა იმისთვის, რომ შეთანხმება იქნას მიღწეული. ვერ ხდება კონსენსუსი, რადგან ორივე მხრიდან დაფიქსირებულია ხისტი პოზიციები, წითელი ხაზები, რომ ამის იქით ისინი არ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომაა ამდენი ხანი სიჩუმე და არ იმართება კონსულტაციები, რომ რაზე უნდა ვილაპარაკოთ? თუ შეთანხმებას წინ უძღვის ასეთი ხისტი გადაწყვეტილებები, იქ შეთანხმების რესურსი არ არსებობს ხოლმე, როგორც წესი. ამიტომ მოვუწოდებ ყველა მხარეს, ვინც ამ პროცესშია ჩართული, რომ მაქსიმალურად შეარბილონ პოზიციები და იქნებ შევთანხმდეთ სახალხო დამცველზე.
ცალკეულ კანდიდატებთან დაკავშირებით ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ვინ რა მოსაზრებებს გამოთქვამდა სოციალური ქსელით პოლიტიკაზე თუ სხვადასხვა საკითხებზე, ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული ამ პროცესთან. ძველი პოსტების ქექვა და შემდეგ ამის ფრიალი ამ პროცესს მხოლოდ აზიანებს და ვერანაირად ვერ უწყობს ხელს, რომ შეთანხმება მიიღწეს სახალხო დამცველზე. რაც შეეხება ნაზი ჯანეზაშვილის საკითხს, რომ არ გამოცხადდა მოსმენაზე, მეც მიმაჩნია, რომ ეს პრობლემაა, რადგან მან არ მოახდინა თავისი ხედვის, თავისი თავის პრეზენტაცია, საზოგადოებას არ გააცნო, თუ რას აპირებს მისი კანდიდატურის არჩევის შემთხვევაში.
ჩემთვისაც მისი ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, ამიტომ მე მის სასარგებლოდ ღილაკს არ დავაჭერ, რადგან მე მოველოდი, რომ ყველა სხვა კანდიდატის მსგავსად ის მოვიდოდა და თავის თავს წარმოაჩენდა," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.