14 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
არადემოკრატიულია მცდელობა, უმცირესობამ უმრავლესობას არ დაუტოვოს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მათ მიერ არჩეულ ომბუდსმენობის კანდიდატს დაუჭიროს მხარი - პაპუაშვილი

სახალხო დამცველობის საერთო კანდიდატზე შესაჯერებლად კონსულტაციები მიმდინარე კვირაში აქტიურად უნდა გაგრძელდეს. მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციულობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

 პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრი გასათვალისწინებელია.

მისივე თქმით,  არადემოკრატიულია, უმცირესობამ აიძულოს უმრავლესობა, ოპოზიციის ფავორიტ კანდიდატს დაეთანხმოს.

"არადემოკრატიული პროცესია რაიმე სახის მცდელობა, უმცირესობამ უმრავლესობა მოაქციოს გარკვეულ კალაპოტში, რომ არ დაუტოვოს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მათ მიერ არჩეულ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. ამიტომაც ჩვენ მიერ ჩატარდა ღია პროცესი და არა დახურული. ამ პროცესის შედეგადაა რვა კანდიდატი, რომლებზეც გრძელდება საუბარი.

მთავარია, მოხდეს შეთანხმება კანდიდატების გარშემო, იქნება კონსულტაციები ფრაქციებს შორის და იმედია, მივაღწევთ შეთანხმებას," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

ამასთან, პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სახალხო დამცველის თანამდებობაზე შევარჩიოთ ისეთი ადამიანი, რომელიც იქნება კომპეტენტური, თავისი სფეროს პროფესიონალი და დამოუკიდებელი, რათა მაქსიმალურად დაიცვას ყველა ჩვენი მოქალაქე.

მისივე თქმით, პარლამენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დათქმულ ვადებში მოხდეს ომბუდსმენის შერჩევა და ინსტიტუტმა უწყვეტად გააგრძელოს ფუნქციონირება.

"არ დავეთანხმებოდი იმ სკეპტიციზმს და იმ ოპონენტებს, რომლებიც წინასწარ გამოთქვამდნენ ნეგატიურ მოლოდინს, თითქოს ომბუდსმენი არ თუ ვერ შეირჩევა. თითქოს ამ ადამიანებს ინტერესიც აქვთ, რომ ვერ შეირჩეს ომბუდსმენი ვადების მიხედვით.

თუ ოპოზიცია გამოიჩენს მცირე მონდომებას და ნებას, რომ შეთანხმება შედგეს. ჩვენ მზად ვართ ასეთი შეთანხმებისთვის. მაგრამ იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც დარჩნენ პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად შერჩევის პროცესში, ნამდვილად შეიძლება იყოს ერთი, რომელზე შეთანხმებისთვისაც ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები