"ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები 28-29 იანვარს დაინიშნა. კენჭისყრა ე.წ. ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება - გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს წევრებმა თითქმის 4 საათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღეს. შეკრებილთა უმრავლესობამ ნიკა მელიას გუნდის მიერ წარმოდგენილ ორივე ინიციატივას - მხარი დაუჭირა. საბჭოს გადაწყვეტილებით, კანდიდატთა რეგისტრაცია ხვალ, საღამოს 6 საათზე შეწყდება. პოლიტსაბჭოზე შედგა შეთანხმებაც, რომლის მიხედვითაც, პარტიაში თანამდებობები არ შეცვლილა, თუმცა უფლებები შეეზღუდათ პეტრე ცისკარიშვილსა და ზურაბ მელიქიშვილს.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, კობა ნაყოფია, რომელმაც დღეს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მოინახულა, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი "არის დროზე გადასაყვანი უცხოეთში, სპეციალიზებულ კლინიკაში სამკურნალოდ".
კითხვაზე, კლინიკაში ვიზიტისას ისაუბრეს თუ არა მან და სააკაშვილმა პოლიტსაბჭოს შესახებ, ნაყოფიამ თქვა, რომ იყო აღნიშნულ თემაზე საუბარი, თუმცა მხოლოდ მისი მხრიდან :
"მე ჩემი მოსაზრება ვუთხარი და მან მოისმინა ყოველგვარი კომენტარის გარეშე," - თქვა ნაყოფიამ.