მორიგი პოლიტიკური გზავნილი მოსკოვს - ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების გვერდით არის, აღმოსავლეთ პარტნიორობა იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა - თქვეს დღეს ბრიუსელში. ევროკომისიამ კი დააინიცირა 17 მილიარდ ევროზე მეტი ეკონომიკური და საინვესტიციო დახმარებისთვის. აქედან 2,3 მილიარდი ევრო უნდა გამოიყოს შავი ზღვის კაბელისთვის.
კრიტიკული სიტუაციები შესაძლებლობებს აჩენს და ჩვენ ვცდილობთ ეს შესაძლებლობა ახლა დავიჭიროთ - აღნიშნა დღეს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ.
"საკაბელო პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ეს წარმოადგენს არამხოლოდ ევროპის გეგმას, არამედ ჩვენი მეზობლებისაც. მოგეხსენებათ რომ ენერგომიმართულებით ევროპა ძალიან მოწყვლადია, კავკასიის რეგიონს შეუძლია ევროპას დაეხმაროს სუფთა ელექტროენერგიის წარმოებაში, ამიტომაც 17 მილიარდი ევროს გეგმა არის მნიშვნელოვანი. ამიტომ გვსურს ამ გეგმის ამუშავება არამხოლოდ ენერგო, არამედ ინტერნეტის მიმართულებით, ტრანსპორტის კუთხით. გვსურს ახალი ინვესტიციები, ეს თავის მხრივ სტაბილურობას მოუტანს კავკასიას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას. 6-დან 3 პარტნიორს ევროკავშირის წევრობა სურს, ამ სურვილების ნაწილს ევროკავშირმა გარკვეულწილად დადებითად უპასუხა. გაფართოებას თანამშრომლობა უფრო მაღალ დონეზე გადაჰყავს, რის გამოც ვზრდით ინვესტიციებს სექტორულად," - განაცხადა ვარჰეიმ.
მინისტერიალზე სიტყვით საქართველოს პირველი დიპლომატიც გამოვიდა. ილია დარჩიაშვილმა ევროპელ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში 12 პრიორიტეტის იმპლემენტაცია. შავი ზღვის კაბელს მინისტრმა ერთ-ერთი საფლაგმანო პროექტი უწოდა და ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური აფელირების გარდა, საჭიროა საინვესტიციო პროექტები, რაც საქართველოს მნიშვნელობას და როლს უფრო გააძლიერებს.
"საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, განსაკუთრებით დღეს ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ, როგორც ევროკავშირის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სანდო და ერთგული პარტნიორი, მომავალშიც გავაგრძელებთ ღირებული და ძლიერი კონტრიბუცია განვახორციელოთ," - განაცხადა დარჩიაშვილმა.
24 თებერვლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი მინისტერიალი დასრულებულია. ილია დარჩიაშვილი იმედს გამოთქვამს რომ მომავალ წელს საქართველოს ვიზიტით ჟოზეფ ბორელი ეწვევა.