პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. დეპუტატებმა უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვეს და ოჯახებს მიუსამძიმრეს. ამის შემდეგ სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაგრძელდა. დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საგანი სწორედ უკრაინა, იქ მიმდინარე პროცესები და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა იყო.
ოპოზიციამ მთავრობა ისევ გააკრიტიკა, მაგალითად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მმართველ გუნდს ის საკანონმდებლო ინიციატივები შეახსენა, რისი განხილვაც პარლამენტს არ დაუწყია.
ფრაქციის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის, გენოციდისა და ომის დანაშაულების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" რეზოლუცია წაიკითხა.
დეკანოიძის თქმით, საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს რეზოლუცია, სადაც დაგმობილია რუსეთის შეჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, გენოციდის აქტები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევა, ძალადობის აქტები, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული სხვა დანაშაულები.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ კი განაცხადა, რომ თუკი ვინმეს ომი უნდა ეს რუსეთია, თუმცა როგორც მან აღნიშნა "ქართული ოცნება" ამ დროს ხელს ოპოზიციისკენ იშვერს.
"ზედმეტი აჟიტირება, ვითომ თქვენ მოიტანეთ მშვიდობა, იცით ხომ? მშვიდობა თავისუფლებისა და ღირსების გარეშე არის მონის ოცნება. რა მშვიდობაზე საუბრობთ, ამ მშვიდპბაში თქვენი დამსახურება არის ის, რომ საახალწლო ინსტალაციები გააკეთეთ ქუჩებში,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ კი ოპოზიციას უპასუხა:
"პირში ვარდის წყალი გამოივლეთ, როცა "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში ლაპარაკობთ. თქვენ ნუ გვასწავლით მებრძოლი ბიჭების პატივისცემას. საერთოდ აქედან სავარძლებიდან რომ ომობთ, მართლაც დუქნის ლომები, სულ 2 "ტიკტოკ" მეომარს იცნობს ეს ომი. ერთი ჩრდილოეთ კავკასიიდან და მეორე თქვენი "ტიკტოკ" მეომარი იყო რომ დარბოდა და როგორც კი აგრილდა რომ წამობრძანდა - ყოფილი თავდაცვის მინისტრი. ნაძვის ხეზე რომ ლაპარაკობთ, ერთი სახლში არ გაქვთ ნაძვის ხე? არ აუნთეთ თქვენს ბავშვებს? დარწმუნებული ვარ გაბრდღვიალებული გაქვთ სახლში ნაძვები,"- მიმართა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციას.