14 ნოემბერი 2024,   21:11
ვრცლად
"ეს დიდი ლაქაა ჩვენი რეპუტაციისთვის" - ევროპარლამენტმა კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით ევროდეპუტატ ევა კაილის ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუწყვიტა

625-1-ის წინააღმდეგ - ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის შესახებ საგანგებო სხდომა გაიმართა. მთავარი ანტიგმირი - ევა კაილი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი აღარ არის. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ მიიღეს, რასაც წინ უძღოდა რობერტა მეცოლას შეხვედრა პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებთან, რის შემდეგაც საგანგებო კენჭისყრა გაიმართა.

დაინიშნა საგანგებო დებატებიც. ევა კაილის საქმის გარდა, ევროდეპუტატები ვრცლად ისაუბრებენ კორუფციის თემაზე.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, აღნიშნული სკანდალით შოკირებულები არიან, ევა კაილის წინააღმდეგ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 

"თითოეული ჩვენგანის სირცხვილია, რომ ევროპარლამენტში არსებობენ ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან მომავალი გავლენების ქვეშ ექცევიან. დღეს, მიღებული გადაწყვეტილება იყო ძალიან ძლიერი, პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას ვიცე-პრეზიდენტის განთავისუფლების შესახებ. ეს კარგი მაგალითი იქნება სხვებისთვისაც და იმედი მაქვს, მომავალში ჩვენი საქმიანობა უფრო გამჭირვალე იქნება. ჩვენ პარლამენტში მსგავს ქმედებებს არ დავუშვებთ," - განაცხადა ევროპარლამენტარმა იოზას ოლეკასმა.

"ხმის მიცემაზე მხარი დავუჭირე ევა კაილის თანამდებობიდან განთავისუფლებას, რადგან საუბარია ძალიან მძიმე ბრალდებებზე. ეს, რა თქმა უნდა, დიდი ლაქაა ჩვენი რეპუტაციისთვის, თუმცა ვფიქრობ მნიშვნელოვანია, თუ როგორ შევხვდით ამას. იგი მაშინვე გაანთავისუფლეს მისი პარტიის ჯგუფიდან, ისევე როგორც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან. ეს ძალიან კარგი რეაქციაა და აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერია ევროპარლამენტის ანტიკორუფციული პოლიტიკა. ამ მიმართულებით განვიხილავთ რეფორმების საკითხს და განვაგრძობთ მუშაობას შემდგომ ღონისძიებებზე," - განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ.

"ამ საკითხთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ დებატები შედგება, რათა, პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი საქმიანობა გამჭირვალე იქნება და მსგავსი რამ სამომავლოდ არ განმეორდება. ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით პალატა ძლიერი და ერთიანია, მადლობა უნდა გადავუხადოთ ბელგიის პოლიციას სწრაფი რეაქციისთვის, მათ დამნაშავე დანაშაულის ჩადენის პროცესში გამოავლინეს. მათგან ველოდებით საქმესთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას," - აღნიშნა ევროპარლამენტარმა ანჟეი ჰალიცკიმ.

ბერძენი ევრო დეპუტატი და ევრო პარლამენტის უკვე ყოფილი ვიცე-სპიკერი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ჩატარდა ჩხრეკა როგორც ევროპარლამენტის ოფისებში, ასევე საცხოვრებელ სახლებში. ამოღებულია ასობით ათასი ევრო. ევა კაილი ფიგურირებს კორუფციულ გარიგებებში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.

დღის ამბები