14 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
რატომ აუკრძალეს ექიმებმა პატიმარ სააკაშვილს ელექტრო სიგარეტის მოხმარება და რატომ თვლის ხელისუფლება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულირება ხდება

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სავარაუდოდ, ხვალ დისტანციურად "ვივამედიდან" ისაუბრებს. ექსპრეზიდენტის ადვოკატმა დღეს განაცხადა, რომ ტექნიკურად ამისთვის ყველაფერი მზადაა.

სააკაშვილთან მორიგი აუდიენციის შემდეგ, შალვა ხაჭაპურიძე ამტკიცებს, რომ მდგომარეობა მძიმეა და პატიმრის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ერთ-ერთ მაგალითად, ელექტრო სიგარეტის აკრძალვას ასახელებს. ადვოკატის თქმით, კითხვები არსებობს მკურნალობის დროს გამოყენებულ მედიკამენტების ლიცენზიაზეც. უფლებადამცველმა კუჭის ოპერაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა.

შალვა ხაჭაპურიძის საპასუხოდ მალევე, განცხადებები ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ და იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელეს. სააგენტომ განმარტა ის საერთაშორისო კრიტერიუმები, რომელიც ბაზარზე წამლის მოხვედრისთვის აუცილებელია. ელექტრო სიგარეტის გადაჭარბებული მოხმარების გამო, გაჩენილ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას პენიტენციური სამსახური.

კომენტარები გაკეთდა პარლამენტშიც - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ სააკაშვილის წონის კლებაზე გავლენა შესაძლოა კუჭის ოპერაციასაც და ელექტრო სიგარეტსაც მოეხდინა, თუმცა მისი თქმით, ეს მხოლოდ სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა უნდა განსაჯონ.

მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანა მოითხოვა დღეს, ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად მისულმა სალომე სამადაშვილმა. ანალოგიური მოთხოვნა აქვთ "ნაციონალურ მოძრაობაშიც". 

ოპონენტების მხრიდან სამედიცინო ანალიზის გაკეთების მცდელობა, სპეკულაციურად გამოიყურება მმართველი გუნდისთვის. ოცნებაში ოპოზიციას სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობისგან თავშეკავებას ურჩევენ.

მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით ქვეყნიდან გაყვანის მოთხოვნით, სასამართლოს ადვოკატებმა მიმართეს. სხდომა საქალაქო სასამართლოში, ხვალ გაიმართება.

დღის ამბები