14 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
მელია, ხაბეიშვილი, მამულაშვილი და მუმლაძე - "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა ოფიციალურად დაიწყო

4 კანდიდატი 1 თანამდებობისთვის ბრძოლას დღეიდან უკვე ოფიციალურად იწყებს - განცხადებების მიღება დასრულდა. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დღეს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები თავად კანდიდატებს არ შეუტანიათ, მათ ნაცვლად განაცხადი მხარდამჭერებმა და წარმომადგენლებმა გააკეთეს.

აქამდე დასახელებულ სამ კანდიდატს - მელიას, ხაბეიშვილსა და მუმლაძეს, კიდევ ერთი ნონა მამულაშვილი დაემატა. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა, თავმჯდომარეობის სურვილი გუშინ ფეისბუქზე გამოქვეყნებული განცხადებით გამოთქვა. ნონა მამულაშვილმა პარტია და პარლამენტი ერთდროულად 1 თვის წინ დატოვა, მაშინ მან საკანონმდებლო ორგანოს "ყველაზე სამარცხვინო", ნაციონალური მოძრაობას კი "პოლიტიკისგან დაცლილი უწოდა". მამულაშვილი ბრძოლას გიორგი ხვედელიანთან ერთად აპირებს. დღეს არცერთს საკუთარ ხედვებზე მედიასთან არ უსაუბრია, თუმცა ცნობილია, რომ ისინი ნიკა მელიას საქმიანობით უკმაყოფილოები არიან და გამარჯვების შემთხვევაში, პარტიის განახლებას გეგმავენ. კითხვები ნონა მამულაშვილის მიმართ ყოფილი თანაგუნდელების ნაწილს სწორედ მის 1 თვის წინანდელ გადაწყვეტილებასთან აქვთ.

ერთობაზე საუბრის მიუხედავად, ლევან ხაბეიშვილის მომხრეები კვლავ ღიად უპირისპირდებიან ნიკა მელიას და ამბობენ, რომ თავმჯდომარის მიმართ პრეტენზიები ამომრჩეველსაც აქვს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის მებრძოლ კანდიდატებს არასერიოზულად აფასებს მმართველი პარტია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მოსალოდნელი არჩევნების ფონზე, ოპოზიციური პარტია დღითიდღე სუსტდება.

არჩევნები ნაციონალურ მოძრაობაში 28-29 იანვარს ჩატარდება. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ახალ თავმჯდომარეს პარტიის მხარდამჭერები ე.წ. ბლოქჩეინის სისტემით აირჩევენ.


 

დღის ამბები