14 ნოემბერი 2024,   21:12
ვრცლად
ვინ შეუერთდება საპარლამენტო ბოიკოტს ოპოზიციიდან - დეპუტატების პასუხი ნიკა მელიას განცხადებაზე

რა პოზიცია აქვთ სხვა პარტიებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებაზე? "სტრატეგია აღმაშენებელი" ბოიკოტის მომხრეა, ინიციატივას არც განიხილავს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი.

"არაერთხელ გვითქვამს, რომ სანამ არ მორჩება სასამართლო, რადგან დაცვის მხარის სტრატეგია არის ეს, ჩვენ პოლიტიკური განცხადებებისგან თავს ვიკავებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ სასამართლო გამოუტანს სასიკვდილო განაჩენს პრეზიდენტ სააკაშვილს, ბუნებრივია, მოგვიწევს სხვადასხვა ზომის მიღება. რა იქნება ეს ზომები, ვნახავთ, წინასწარ ამაზე საუბარი, ჩემი აზრით, სწორი არ არის," - განაცხადა ენმ-ის წევრმა ანა წითლიძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი და პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს სააკაშვილის სასამართლო პროცესები გაწელონ.

"იქნება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ. ესენი აპირებენ, პროცესი გაწელონ, აპირებენ არ აჩვენონ ხალხს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, რატომ არ რთავენ? - ზუსტად იმიტომ, რომ მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. როგორ წარმოგიდგენიათ, ტექნოლოგიების ეპოქაში ტექნიკურად ვერ შეძლეს ჩართვა, წარმოუდგენელია. უნდა იყოს ძალიან მკაცრი რეაგირება ჩვენი მხრიდან და იმედი მაქვს, ენმ აიღებს ინიციატივას ამ საკითხთან დაკავშირებით

მე პირადად ვესწრები მხოლოდ 12 პუნქტის საკითხს საკანონმდებლო ორგანოში და თუ ეს გადაწყვეტილება იქნება, ჩვენ ამისი მომხრე ვართ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, თუ რას აპირებენ ენმ-ის წევრები, ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. ხოლო რაც შეეხება "მოქალაქეებს", პარტიის წევრები სხვების კარნახის გარეშე გადაწყვეტენ თუ რას მოიმოქმედებენ.

"ნიკა მელია არის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, უახლოეს მომავალში იქნება თუ არა ის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ეს ვნახოთ, მაგრამ იფიქრონ მანდატების დატოვებაზეც, არდატოვებაზეც... რაც უნდათ, ქნან, თავის პარტიაში გადაწყვიტონ. მე ვარ სხვა პარტიის თავმჯდომარე, პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე და ჩვენ რას გავაკეთებთ, ამას თავად გადავწყვეტთ სხვების კარნახის გარეშე. თავისი საქმისა თვითონ იციან, ჩვენი საქმისა ჩვენ ვიცით," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დღეს სააკაშვილის პატიმრობის თემას იყენებს იმისთვის, რომ პარლამენტის დატოვებასა თუ არდატოვებაზე კიდევ ერთი ახალი ტალღა ააგოროს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას იყენებს როგორც ინსტრუმენტს, რომ კიდევ ერთი ახალი ტალღა ააგოროს პარლამენტის დატოვებასა თუ არდატოვებაზე. გაქცევა, ბრძოლის ველიდან წასვლა კი არ არის გამოსავალი, არამედ გამოსავალი არის ბრძოლა, და გაძლიერება ოპოზიციური ფლანგის. ენმ-ის არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა და გამიჯვნამ სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, ხშირად თავდასხმამაც, განაპირობა ის, რომ დასუსტდა ქართული ოპოზიციური სპექტრი და დღეს თუ ჩვენ სუსტები ვართ, იმაზე კი არ უნდა ვიკამათოთ, ვინ გავა პარლამენტიდან, ყველა სივრცე, ბრძოლის ველი უნდა გავააქტიუროთ. ის, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოყენებით, თურმე, მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიხედვით უნდა მიიღოს ყველამ გადაწყვეტილება, არის კიდევ ერთი შეცდომა და კიდევ ერთი ფრუსტრაციის საფუძველი ჩვენი საზოგადოებისთვის. მეტი ვესაუბროთ ჩვენს ამომრჩეველს და რადიკალიზაციას ვინც მიიჩნევს გამოსავლად, ველაპარაკოთ ერთმანეთს და ყველა სივრცე გამოვიყენოთ ამისთვის და არა - გაქცევა და ბრძოლის ველიდან წასვლა დავინახოთ გამოსავლად," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დღის ამბები