14 ნოემბერი 2024,   21:19
ვრცლად
ამერიკული Patriot-ები უკრაინის ცის დასაცავად - ვაშინგტონში გადაწყვეტილება მიღებულია, დარჩა თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის თანხმობა და პრეზიდენტ ბაიდენის ხელმოწერა

ამერიკული Patriot-ები უკრაინის ცის დასაცავად - ვაშინგტონში გადაწყვეტილება მიღებულია, დარჩა თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის თანხმობა და პრეზიდენტ ბაიდენის ხელმოწერა. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემა კიევს უახლოეს რამდენიმე კვირაში უნდა გადაეცეს, ბატარეების რაოდენობა კი ჯერ არ სახელდება. Patriot-ებს უკრაინა დასავლელ პარტნიორებს დიდი ხანია სთხოვს, თუმცა კიევის თხოვნა ევროპამაც და ამერიკამაც ყურად მას შემდეგ იღო, რაც რაკეტის ნამსხვრევები ნატო-ს წევრ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თუკი კიევი ამერიკულ Patriot-ებს მიიღებს, ომის დაწყების დღიდან ამ დრომდე ეს იქნება ყველაზე თანამედროვე შეიარაღება, რომელიც უკრაინის ცას დაიცავს. ქვეყანას ახალი საჰაერო თავდაცვის ფარი სჭირდება რათა რუსულ ბალისტიკურ რაკეტებს გაუმკლავდეს და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაიცვას. Patriot-ის სისტემას კი ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს. ამერიკულ რაკეტებს ზებგერითი სიჩქარით მოძრავი საჰაერო სამიზნეების განადგურება 80 კილომეტრის სიშორესა და 20 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია, ამას გარდა Patriot-ის რადარს საშუალება აქვს ერთდროულად 125 მიზანი აკონტროლოს და 6 მათგანს ცეცხლი გაუხსნას.

ვაშინგტონიდან დავით ნიკურაძე ახლა უფრო ვრცლად ისაუბრებს უკრაინისთვის გაწეულ კიდევ ერთ სამხედრო დახმარებაზე, რომელმაც შესაძლოა ბრძოლის ველზე სიტუაცია კიევის სასარგებლოდ რადიკალურად შეცვალოს.

ამერიკის ადმინისტრაციიდან ჟურნალისტებს უკვე არაერთმა წყარომ დაუდასტურა, რომ აშშ კიევს ამერიკის და მისი მოკავშირეების შეიარაღებაში მყოფ პატრიოტის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს გადასცემს. ჯერჯერობით არ არის გარკვეული თუ რა რაოდენობის სისტემას მიიღებს კიევი. ცნობილია ის, რომ პენტაგონში საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განკარგულებას ხელს შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოაწერს. პენტაგონში არ უარყვიათ, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით ამერიკელებს კიევთან მუდმივი დიალოგი აქვთ.

"აქტიურ დიალოგს ვინარჩუნებთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, მოკავშირეებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან უკრაინის უსაფრთხოების დახმარების საჭიროებაზე საბრძოლო შესაძლებლობების, ასევე საჰაერო თავდაცვის კუთხით. უდანაშაულო სამოქალაქო პირების და უკრაინის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის სასტიკი და უწყვეტი დაბომბვების ფონზე ჩვენ განვაგრძობთ ამ დისკუსიას და განვიხილავთ შესაძლებლობებს, რომლებიც მათ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად სჭირდებათ," – აცხადებს საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალი პატრიკ რაიდერი.

პენტაგონში განმარტეს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა პრიორიტეტულია და უსაფრთხოების თვალსაზრისით დახმარების სრული სპექტრი განიხილება. თუმცა, თქვეს, რომ წინასწარ მიმოხილვას რამე ოფიციალური განცხადების გაკეთებამდე არ აპირებენ. უკრაინის საჰაერო თავდაცვის პრიორიტეტს ხაზი გაუსვეს შტატების სახელმწიფო დეპარტამენტშიც.

"ჩვენ ვაღიარებთ, რომ იმ საჰაერო საფრთხის გამო, რომელსაც რუსეთი უქმნის უკრაინას უსაფრთხო დახმარების განხილვაში საჰაერო თავდაცვა პრიორიტეტულ საკითხად რჩება. ვაგრძელებთ საშუალებების მოძებნას თუ როგორ დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას საკუთარი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა და გადაურჩეს ამ თავდასხმას," – აცხადებს საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალი პატრიკ რაიდერი.

პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემა დასავლეთის შეიარაღებაში დღეს ყველაზე მოდერნიზებული და სრულყოფილია. ის შეიარაღებაში აქვთ გერმანიას, საბერძნეთს, ნიდერლანდებს, ესპანეთს, შვედეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, ქუვეითს და ამერიკის კიდევ რამდენიმე მოკავშირეს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც საჰაერო თავდაცვის თვალსაზრისით დღის წესრიგში უკრაინის დახმარების საკითხი დადგა და სლოვაკეთმა კიევისთვის რუსული „ეს 300-ის“ გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო, ბრატისლავას მისი პატრიოტით ჩანაცვლების პირობა მისცეს.

"უკრაინელებმა დროთა განმავლობაში გაზრდილი შესაძლებლობები აჩვენეს. მარტში ან აპრილში პატრიოტების ეფექტურად გამოყენება სადაო იყო. ახლა როგორც ხედავთ ნატო-ს სისტემების გამოყენება კარგად აითვისეს. მათ აქვთ თითქმის ისეთივე კარგი სისტემები როგორიც პატრიოტია და უკვე აქვს აზრი პატრიოტების მიწოდებასაც," - აცხადებს ჰადსონის ინსტიტუტის პოლიტიკურ-სამხედრო ანალიზის ცენტრის დირექტორი რიჩარდ ვეითზი.

დღის ამბები