სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებული კადრები ასახავს 2 თვის წინანდელ პერიოდს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობისგან სრულიად განსხვავებულია.
გიორგი ბურჯანაძის შეფასებით, სიმულირებას ადგილი არ აქვს.
"ჩვენმა ექსპერტებმა შეაფასეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ განსაკუთრებული გართულება აღენიშნებოდა პატიმარს ბოლო 2 თვის განმავლობაში. შესაბამისად, ის კადრები, რომელიც წარმოდგენილი იქნა, ასახავს სწორედ ამ 2 თვის წინანდელ პერიოდს, დასაწყისს ამ პერიოდისა, რომელიც ბუნებრივია დღეს არსებულისგან სრულიად განსხვავებულია.
12 დეკემბრის კადრები მთლიანი ჩანაწერის დაახლოებით 4%-ია, დაახლოებით 20 წამი ეთმობა ამას. შესაბამისად, არც რაიმე სიმულირებას აქვს ადგილი. იმ საჯარო ინტერესის მოთხოვნა, რომელიც მითითებული არის ვიდეოს აღწერაში, ბუნებრივია, ვერ აკმაყოფილებს.
თანხმობა რომ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის მიერ ვიდეო-ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არც უფლებადარღვევა არ იარსებებდა, მაგრამ გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასეთი თანხმობა არ არსებობდა," - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.