ევროპარლამენტის რეზოლუციას სერიოზულად ვერ აღვიქვამ - შეფასება თეა წულუკიანმა გააკეთა. ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ დოკუმენტში ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერებია.
სტრასბურგში გუშინ კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ საბოლოო დოკუმენტში შეტანილი შესწორებების გამო, უფრო კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის პერსონალური სანქციების ჩანაწერის გამო რეზოლუციისთვის ხმის მიცემაზე თავი შეიკავა რეზოლუციის პროექტის ავტორმა სვენ მიქსერმა. ესტონელი ევროპარლამენტარი თვლის, რომ დაუშვებელია ერთი და იგივე დოკუმენტში ურთიერთ გამომრიცხავი მოთხოვნების დაყენება.
"ჩვენთვის ამ რეზოლუციას არ მომერიდება და პირდაპირ ვიტყვი, აქვს ჩალის ფასი. უფრო მეტიც, მე პირადად ამ რეზოლუციას სერიოზულად ვერ აღვიქვამ იმიტომ, რომ ეს არის რეზოლუცია, რომელიც ამბობს, რომ თურმე საქართველომ თავზე ხელი უნდა გადაუსვას კრიმინალ სააკაშვილს, რომელსაც არაერთი დაზარალებული ჰყავს ამ ქვეყანაში. სააკაშვილის ხელისუფლების დროს ნაწამები, განადგურებული და გარდაცვლილი არაერთი ადამიანი ვიცით. თურმე ამ ადამიანს, რეზოლუციის თანახმად, თავზე ხელი უნდა გადავუსვათ და სამაგიეროდ, დავსაჯოთ ბიძინა ივანიშვილი. ეს სახარხაროა და ვერ აღვიქვამ სერიოზულად. ეს რეზოლუცია საქართველოში ევროპარლამენტის რეპუტაციას ძალიან მძიმე ზიანს აყენებს," – განაცხადა ვიცე-პრემიერმა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
"ქართული ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ფსევდომოყვარული ადამიანები, რომლებიც თითქოს საქართველოს საქმეს აკეთებენ, სინამდვილეში, ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში საბოტაჟს უწყობენ.
"ამ დოკუმენტს აქვს ორი მიმართულება. ერთი, წარმოიდგინეთ, მე, როგორც კანონმდებელს რომ გამომქონდეს რომელიმე კანონპროექტი ან რეზოლუცია და შემდეგ ისეთი ჩასწორებები უზრუნველყონ ლობისტებმა, რომ მე თავად არ დავუჭირო მხარი, რამდენად გაუფასურდა მთლიანად რეზოლუცია. რეზოლუციის გაუფასურება ლობისტების მიერ ჩამატებული, უკაცრავად, ჩაკვეხებული ჩანაწერის გამო, არის მავნებლობა საქართველოს მიმართ. საქართველოს ფსევდომოყვარული ადამიანები, რომლებიც თითქოს საქართველოს საქმეს აკეთებენ, მაგრამ საბოტაჟს უწყობენ ევროინტეგრაციის პროცესში ამ ქვეყანას, როდესაც კანდიდატის სტატუსზე მიდის საუბარი, ვფიქრობ, გონივრული და საფუძვლიანი ეჭვი შეიძლება იყოს ბოლო სკანდალი, შეიძლება ამის საფუძველი იყოს კორუფცია და სხვა. ასეთ მავნებლობას სხვა ახსნა უკვე აღარ აქვს," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.