მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციას, სასწრაფოდ განვიხილოთ საკანონმდებლო ორგანოში მონაწილეობის მაქსიმალურად შეზღუდვის საკითხი, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.
მანდატების დატოვებისკენ დღეს დეპუტატებს შალვა ნათელაშვილმაც მოუწოდა.
"დროა გაახაროთ ქართველი ხალხი თქვენც და საახალწლოდ დატოვოთ სამარცხვინო პარლამენტად წოდებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია, დავდგეთ გარეთ ხალხთან, შევქმნათ საყოველთაო წინააღმდეგობის ფრონტი, დავუძახოთ ჩვენს გმირ ადამიანებს ქუჩაში, რაც იქნება გარანტია, რომ უმოკლეს დროში რეჟიმი დაამთავრებს თავის არსებობას. ეს ისტორიული გამოცდაა პირადად თქვენთვის. ჩვენ ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამთავრებთ, ოღონდ დავამთავრებთ უთქვენოდ და თქვენ პოლიტიკას დაამთავრებთ იმ პარლამენტში დარჩენით," - აცხადებს "ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.
ოპოზიციაში პოზიციები განსხვავებულია, ნაწილი ამბობს, რომ შესაძლოა ბოიკოტი ზეწოლის კარგი საშუალება იყოს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ინიციატივა პოლიტიკური პროცესებისგან პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ჰგავს.
"ჩვენი ფრაქციის ყველა წევრი მზად არის პროტესტის ნებისმიერი ფორმისთვის, ამიტომ ამ თემებით მანიპულირება და ვიღაცისკენ ხელის გაშვერა ნამდვილად არამართებული არის. ყველა ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის. მნიშვნელოვანი იქნება თუ ოპოზიცია მოახერხებს და უზრუნველყოფს, რომ ერთპარტიული დარჩეს პარლამენტი, ამ შემთხვევაში ამ ფორმას ექნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეფექტი. ამიტომ, ჩვენ გარდა საპარლამენტო აქტივობისა უნდა ჩამოვყალიბდეთ ქუჩის საპროტესტო აქციებზე. პარტიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი გეგმა, აქამდეც უნდა ჰქონოდა ეს გეგმა," - განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრს რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ ვისაც პარლამენტიდან გასვლა სურს - გავიდეს, ამ ნაბიჯისკენ მოწოდება საჭირო არ არის.
"გვაჩვენოს მაგალითი და იქნებ მართლა მთელი პარლამენტი დაიცალოს, მოწოდება არ არის საჭირო. პირადი მაგალითია საჭირო, მაგრამ გააჩნია როდის თქვა არმაზ ახვლედიანმა, ორშაბათს თუ სამშაბათს თქვა ეს. იმიტომ, რომ ორშაბათს ერთს ამბობს და სამშაბათს მეორეს. 2 წელიწადია სასაცილო თემა არის, დატოვება-არდატოვება, ვისაც დატოვება უნდა დატოვოს. ზოგიერთი პარლამენტში არიან და იტყუებიან, რომ ჩვენ ხვალვე დავტოვებთო იძახიან, ეს ეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს. თუ ხვალვე დატოვებ - დატოვე, რას გვიყურებ?!" - განაცხადა რომან გოცირიძემ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ პარლამენტის დატოვება ოპოზიციამ არა კომფორტის,არამედ ხელისუფლებაზე ზემოქმედების საშუალებად უნდა გამოიყენოს.
"თუ პრეზიდენტს კლავენ, თუ კანდიდატის სტატუსს არ იღებენ, თუ პარლამენტი ემსახურება განმტკიცებას ივანიშვილის დიქტატორული რეჟიმის, რა თქმა უნდა ასეთი პარლამენტის საქმიანობას აზრი არ აქვს. მაგრამ, პარლამენტის დატოვება უნდა გამოვიყენოთ როგორც ხელისუფლებაზე ზემოქმედების საშუალება და არა კომფორტის. როგორც კი ჩვენ ვნახავთ, რომ ეს არის ზემოქმედების საშუალება ხელისუფლებაზე, მანდაც მანდატი არაფერს არ ნიშნავს. ჩვენთვის არის მთავარი შედეგი, მანდატი არის საშუალება მხოლოდ და არა მიზანი," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ყველა ჯერზე პარლამენტიდან გასვლა-არ გასვლის საკითხის წამოწევა, სასოწარკვეთის მაჩვენებელია.
"მოვუწოდებ ყველა ჩემს ოპოზიციონერ კოლეგას, რომ ამ თემის თავიდან წამოწყებამდე კარგად დაფიქრდნენ მერამდენე ტალღა უნდა იყოს გასვლა-არ გასვლის. არ ვიცი მაქსიმალური შეზღუდვა რას ნიშნავს, მე მოვუწოდებ ყველას, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ პარლამენტში და გავძლიერდეთ ოპოზიცია პარლამენტში. ხოლო ვინც თვლის, რომ ეს არ არის საჭირო, მიიღოს გადაწყვეტილება. ყველა ჯერზე, როდესაც ძალიან რთული ვითარებაა ოპოზიციისთვის და გუშინდელი კადრები და სასამართლოს გადაწყვეტილება არის ურთულესი ოპოზიციისთვის, ყველა ჯერზე სასოწარკვეთილება იწყება და ამის პირველი ტალღა არის გასვლა და პარლამენტის დატოვება მაშინ, როდესაც პირიქით - გამოსავალზე უნდა ვფიქრობდეთ და გაძლიერებაზე ოპოზიციის. მე ვფიქრობ, რომ ეს სასოწარკვეთის მაჩვენებელია," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.