14 ნოემბერი 2024,   21:18
ვრცლად
"ჩვენი მიზანია, რომ სახალხო დამცველი ფართო პოლიტიკური კონსესუსით იქნას არჩეული" - ანა ნაცვლიშვილი

დღეს, საშემოდგომო სესია იხურება, თუმცა პარლამენტი მუშაობას არ წყვეტს და მომდევნო კვირას რიგგარეშე სხდომებია დანიშნული. დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ სახალხო დამცველობის კანდიდატს. ამ თემაზე კონსულტაციები ორშაბათიდან განახლდება, დღეს დაგეგმილი შეხვედრა კი გადაიდო.

შეძლებენ თუ არა მხარეები კონსესუსამდე მისვლას, ჯერ - ჯერობით უცნობია. ოპოზიციურ სპექტრში "ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სწორედ მმართველ გუნდზეა დამოკიდებული შეჯერდებიან თუ არა მხარეები ერთ პოზიციაზე.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძე მიმდინარე პროცესების გამო, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მატყუარას უწოდებს.

"ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, რომლებმაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შერჩეული კომისიის მიერ მიიღეს უმაღლესი ქულები, როგორც დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ასევე მათი პროფესიონალიზმის კუთხით. ამიტომ, ჩვენ გვყავს ორი კანდიდატურა, ამ ორიდან ერთ-ერთს დავუჭერთ მხარს,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ "ლელოს" მიზანი პროცესის ჩავარდნა არ არის.

"ჩვენი მიზანია მივაღწიოთ იმას, რომ არჩეულ იქნას სახალხო დამცველი ფართო პოლიტიკური კონსესუსით, რომლის პრინციპული და პროფესიული რეპუტაცია ქვეყანას გადაადგმევინებს მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროკავშირისკენ," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპონენტებმა ხისტი პოზიციები უნდა დათმონ. სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. 

"ჩვენ კანდიდატურა არ წარვადგინეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვართ მზად მივიღოთ წინადადება იმ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ კიდევ დარჩენილია განსახილველთა სიაში, თუკი ასეთი წინადადება იქნება. რასაკვირველია, ჩვენ ვალდებულებიც და მონდომებულიც ვართ, რომ განვიხილოთ შემოსული მოსაზრებები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან. არის ერთი რადიკალური ჯგუფი, რომელიც ულტიმატუმის ენით გვესაუბრება დღემდე," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები