პარლამენტი იუსტიციის მინისტრს უსმენს. რატი ბრეგაძემ დეპუტატების კითხვებს უნდა უპასუხოს. კითხვები კი, ძირითადად ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და იმ კადრებს, რომელიც უწყებამ გაასაჯაროვა. მოსმენა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვა "ნაციონალურმა მოძრაობამ", თუმცა განცხადებები მათ რეპლიკებზე მოგვიანებითაც გაკეთდა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა რატი ბრეგაძეს მიმართა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება.
"რაც შეეხება ამ მინისტრს, მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ისინი, ერთადერთი, რასაც იხილავენ, არის ის, როგორ წარდგება ის მართლმსაჯულების წინაშე. ან ამ ქვეყანაში სამართლიან სასამართლოში, ან საერთაშორისო სასამართლოში და ეს მოხდება. იმიტომ, რომ მოუწევს მას პასუხისგება სასამართლოს წინ. დღეს რომ გაივარჯიშოს და გვითხრას, გვიპასუხოს, აქ ტრიბუნიდან, საერთაშორისო კანონმდებლობის ან ჩვენი ქვეყნის რომელმა ნორმამ მისცა მას უფლება, რომ დაერღვია პატიმარი სააკაშვილის ღირსების უფლება, კარგი იქნება.
რა გადაწყვეტილებას სთავაზობთ საზოგადოებას, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გარდაიცვალოს, როცა ხართ მის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი," - მიმართა სალომე სამადაშვილმა რატი ბრეგაძეს.
სალომე სამადაშვილის სიტყვებს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე და მინისტრის ოჯახის და ახლობლებისამდი სამადაშვილის ნათქვამ სიტყვებს სიმდაბლე უწოდა.