ოპოზიციაში ბოიკოტის იდეა ისევ აქტუალურია. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" იმუშავებს კოლეგებთან, რათა პარლამენტი, რაც შეიძლება სწრაფად, ერთპარტიული გახდეს.
"ჩვენი ფრაქცია ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, მათ შორის იმისთვის, რომ საპარლამენტო მუშაობა შეწყვიტოს, მზად არის. საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ჩემი კოლეგები შიმშილობენ. მე ვცდილობდი ანის დარწმუნებას, რომ ეს არ გაეკეთებინა. თუ პარლამენტი არ დარჩება ერთპარტიული, ეს იქნება ერთჯერადი პროტესტი, თუ დარჩება პარლამენტი ერთპარტიული ამას დიდი მნიშვნელობა ექნება. ვიმუშავებთ თუ არა ამ საკითხზე ჩვენს კოლეგებთან? პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ კი," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამ საკითხზე თავად "ნაციონალურ მოძრაობაშიც" აზრთა სხვადასხვაობაა. დღეს კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ფრაქციის თავმჯდომარე ბოიკოტს ბრძოლის ბერკეტად არ მიიჩნევს. ხატია დეკანოიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დასაცავად გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელსაც რეალური შედეგი ექნება.
"მე ყოველთვის ვეწინააღმდეგები პროტესტის ასეთ ფორმას. არ მეგულება ადამიანი საქართველოში, ვისაც მოსწონს შიმშილობა, მაგრამ ეს არის მათი პროტესტი. ანიზე ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ ეს მისი მტკიცე გადაწყვეტილებაა და მე ამას ხელი ვერ შევუშალე. ამიტომ, დღეს ჩემი მთავარი საზრუნავია, რომ ეს ადამიანები იყვნენ ჯანმრთელად. მე ფრაქციის თავმჯდომარე, ადამიანი, ძალიან განვიცდი მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობას, მიშა არ არის ჩემთვის მხოლოდ მანდატი და პარტია," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" ხატია დეკანოიძე.