14 ნოემბერი 2024,   21:10
ვრცლად
"აქ ბუღი რომ დააყენეთ საკითხებზე და წარმატებებს იჩემებდით, გაგისწორებთ ფოკუსს და გეტყვით რამდენი ტყუილი თქვით ამ დარბაზში" - ანა ნაცვლიშვილი რატი ბრეგაძეს

პარლამენტი იუსტიციის მინისტრს უსმენს. ოპოზიციონერი კანონმდებლების ინტერესის საგანი კი, ძირითადად მიხეილ სააკაშვილი და ის კადრები იყო, რომელიც უწყებამ გაასაჯაროვა.

ოპოზიციორმა დეპუტატებმა იკითხეს, რა იყო მასალის გამოქვეყნების მიზანი და რა შედეგი მიიღო ამით ხელისუფლებამ.

"ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა მინისტრს კითხვით მიმართა, თუ რატომ არ ჩამოჰყავს საერთაშორისო კონსილიუმი სააკაშვილის მდგომარეობის შესასწავლად.

"აქ ბუღი რომ დააყენეთ საკითხებზე და წარმატებებს იჩემებდით, გაგისწორებთ ფოკუსს და გეტყვით, რამდენი ტყუილი თქვით ამ დარბაზში.

სტრასბურგის სტატისტიკას რომ ახსენებთ, არ იცით, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა იმიტომ იყო ასეთი მაღალი წლების განმავლობაში, რომ რუსეთმა დაუსაბუთებელი საჩივრები, 3000-ზე მეტი შეიტანა აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ამან გაზარდა სტატისტიკა. გგონიათ, რომ ამ სტატისტიკის მანიპულაციით ამტკიცებთ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ყვავის? 

რაც შეეხება პატიმარ პრეზიდენტს, რატომ აქციეთ ეს საქმე სამარცხვინო მაგალითად. თუ გიფიქრიათ, 6969 პატიმარზე, რომელიც დღეს პენიტენციურ სისტემაშია, რა გზავნილს უგზავნით დღეს ამ კადრების ჩვენებით, მათ ოჯახებზე თუ გიფიქრიათ?" - მიმართა სალომე სამადაშვილმა რატი ბრეგაძეს.

იუსტიციის მინისტრს მიმართა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ. მისი თქმით, წინა მთავრობის დროს ციხეებში კატასტროფული მდგომარეობა იყო, თუმცა ახლანდელი ხელისუფლების მხრიდან შურისძიების პროცესი მიუღებელია.

"დიახ, მიხეილ სააკაშვილის დროს კატასტროფა ხდებოდა ციხეებში. ბევრ ჩვენგანს ძალიან მძიმედ ახსოვს როგორ ითელებოდა ფეხქვეშ ადამიანის უფლებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღეს თქვენ იმ რეჟიმისკენ უნდა გაიშვიროთ ხელი, იმაზე უნდა ისაუბროთ რა ხდებოდა მაშინ და შურისძიების რეჟიმში გადაიყვანოთ მთელი საზოგადოება, იმ კადრების ჩვენებით, რომლის ერთადერთი მიზანი იყო სწორედ ეს - როგორ ხართ შურისძიების პროცესში," - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის ბექა ლილუაშვილისთვის კი გაუგებარია, რას ემსახურებოდა პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული კადრები.

ამასთან, ასევე კითხვები ეხებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციას და სასჯალღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებას.

დღის ამბები