"ჰააგის ფორმატში ჩატარებულმა გამოძიებამ და დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვცა იმის თქმის საფუძველი, რომ სტრასბურგში და ახლა უკვე ჰააგაში, სამართალწარმოებაში მიღწეული წარმატებების შემდეგ, საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ისტორიულ მომენტს, როდესაც შესაძლებელი ხდება საერთაშორისო სამართლის წესებით, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მხარდაჭერით და რაც მთავარია, სახელმწიფოს სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მინისტრის ანგარიში დადებითად შეაფასა. მისი თქმით, სტრასბურგში 3300-მდე საჩივარი იყო შეტანილი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის და მის მიერ მართული მარიონეტული რეჟიმის მხრიდან და ყველა ამ საქმეზე, იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, საქართველომ საანგარიშო პერიოდში მიაღწია გამარჯვებას და დახურა ეს საქმეები ისე, რომ არც ერთი საქმე საქართველოს არ წაუგია.
მისივე თქმით, მნიშვნელოვან რეფორმის შედეგს წარმოადგენს ციფრული უნივერსიტეტი, რომელიც მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ხუთ უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში.
"დახურული, საშინელი დაწესებულებების და ჩატარებული რეფორმების შემდეგ, საქართველოს აქვს ციფრული უნივერსიტეტის პროგრამა პენიტენციურ სისტემაში. ძალიან მნიშვნელოვანია მობილური იუსტიციის სახლის სერვისი, ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური რეფორმები რაც პრობაციაში გაკეთდა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სისტემა გახდა „ევრო ჯასთის“, ევროპის იუსტიციის უწყების სრულფასოვანი და თანაბარი პარტნიორი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას აქვს არსებითი პროგრესი ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს არის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ეს არის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროპასთან, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება ეს არის ევროპული პერსპექტივა, რომელიც უკვე ამ მაღალ დონეზე და ასეთ ოფიციალურ დონეზეა აღიარებული," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ საჯარო მოხელეს, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იუსტიციის სამინისტროში იმ წარმატებისთვის, რაც ქვეყანას ამ სფეროში აქვს.