14 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
რაც უნდა პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა გვქონდეს, მე მოვუწოდებ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომ შეწყვიტონ ეს შიმშილობა - ანრი ოხანაშვილი

სააკაშვილის ადვოკატები ადვოკატები სასამართლოში, თანაგუნდელები კი საკანონმდებლო ორგანოში იბრძვიან, თუმცა პროტესტის უკიდურესი ფორმით. შიმშილობა, ქუჩა, შიდა პარტიული დაპირისპირებები - "ნაციონალურ მოძრაობაში" აზრები და მისიები რამდენიმე მიმართულებით გაიყო.

შიმშილობა, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა ოპოზიციური პარტიის დეპუტატების ნაწილმა უკვე მეორედ აირჩია. ანა წითლიძეს, დავით კირკიტაძესა და აბდულ ისმაილოვს გუშინ თემურ ჯანაშიაც შეურთდა. მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა. ამბობენ, რომ იშიმშილებენ იქამდე, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. შიმშილობა ერთადერთი არ არის, პარტიაში არც იმას მალავენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტის საკითხს განიხილავენ.

"ჩვენი შიმშილობაც, სხვა პროტესტი იქნება ეს თუ აზრის გამოხატულება საზოგადოების მხრიდან, ემსახურება მხოლოდ ამას, რომ ჩვენ, ქართველმა ხალხმა, კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ და ვაჩვენოთ პირველ რიგში ჩვენს თავს და მერე სამყაროს, რომ ჩვენ ვართ ცივილური და ჰუმანური ერი, არ ვართ პრეზიდენტის მკვლელი ერი და არ გვიხარია ვინმეს სიცოცხლის დასრულება," - აცხადებს ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ყველას, ვინც პროტესტს გამოთქვამს რეჟიმის წინააღდეგ.

"ჩვენ ბევრი ფორმა დაგვჭირდება პროტესტის, ამიტომ მოვედი, მოვინახულო ადამიანები, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას გავეცნოთ და სრული მხარდაჭერა ყველას, ვინც პროტესტს აცხადებს ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ამ ერთობაშია გასაღები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების," - აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების შიმშილობას არ იწონებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მათ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"შიმშილობის პროცესი ვერაფრით ვერ იქნება მოსაწონი, პირიქით, რაც არ უნდა ჩვენ პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა გვქონდეს, მე მოვუწოდებ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომ შეწყვიტონ ეს შიმშილობა. მათ მანდატი მათმა ამომრჩეველმა მიანიჭა პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართულობისთვის, პოლიტიკური პაექრობისთვის, პოლიტიკური კონსულტაციებისთვის და შეთანხმებისთვის და არა იმისთვის, რომ მათ ასეთი რადიკალური ნაბიჯები გადადგან," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები