"საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიაში - "სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში" მონაწილეობს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციის და მედეგობის საჭიროება, ენერგო უსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად.
მთავრობის მეთაურმა ისტორიული ღონისძიების ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის რუმინეთის მხარეს, პროექტის მხარდაჭერისთვის კი ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა.
"მიხარია, რომ მივმართავ დღევანდელი მნიშვნელოვანი შეკრების გამორჩეულ საზოგადოებას. მადლობა მინდა გადავუხადო რუმინეთის მხარეს ღონისძიების მასპინძლობის ორგანიზებისთვის, რომელიც ისტორიული მნიშვნელობის არის. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს მისი მხარდაჭერისთვის ამ პროექტის მიმართ. არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციის და მედეგობის საჭიროება ენერგო უსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე როგორც ზღვაზე წვდომის არ მქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის კარიბჭედ, რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციის და ევროპისადმი ენერგორესურსების მიწოდების კუთხეში. ამიტომ, უმთავრეს პრიორიტეტად ვაქციეთ დაკავშირებადობა და განსაკუთრებული ხედვა შევიმუშავეთ კავკასიის რეგიონისა და ევროპის დასაკავშირებლად. ენერგიის ციფრული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და მოდერნიზაციის მიმართულებით ინვესტიციებს აქტიურად ვახორციელებთ, სექტორები შესაბამისობაში მოგვყავს ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან, ისევე როგორც იმ ვალდებულებებთან, რომელიც ასოცირების შეთანხმებით ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით, საერთო საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმებით და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების ფარგლებში ვიკისრეთ.
ევროპის ძირითადი ქსელის გაფართოება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს გვთავაზობს ისეთი სტრატეგიული პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც ეროვნული და ფართო რეგიონალურ მნიშვნელობას ფლობს.
რამდენიმე წლის წინ საქართველოს ინიციატივით მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებადობას გულისხმობს. მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით დღეს მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ ვადასტურებთ მზაობას მწვანე ენერგიის მიწოდების კონტექსტში მჭიდრო თანამშრომლობაზე.
კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რაც მეზობელ ქვეყნებს შეიძლება მიაწოდოს. დღეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა გაგვაჩნია ყველა მეზობლისადმი, ევროპის გარდა ენერგიის მისაწოდებლად. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ამ მხრივ მნიშვნელოვან პერსპექტივას გვანიჭებს. ხსენებული პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტის და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. და ამ პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოს რუმინეთის, აზერბაიჯანის და უნგრეთის ელექტროგადამცემი ხაზების და სისტემების დაკავშირებით ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს.
2020 წლის ივნისში მსოფლიო ბანკმა ანგარიში გამოაქვეყნა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის წინასწარი ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე, რითაც ხსენებული პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა დადასტურდა.
2021 წლის 26 აპრილს საქართველოს მთავრობამ კონკურსი გამოაცხადა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის და ციფრული კავშირის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტის ჩასატარებლად. შერჩევა მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურებით განხორციელდა და გამარჯვებული გამოვლინდა. კვლევა 2022 წლის 11 მაისს დაიწყო და აქედან 18 თვეში დასრულდება.
მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ რეგიონში სტრატეგიული მნიშვნელობის არის ჩემი მთავრობისთვის ეს ინიციატივა. სანდო სატრანზიტო პარტნიორად ყოფნა გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ჰიდროენერგეტიკული რესურსი მივაწოდოთ კასპიის ზღვიდან დასავლეთს და ამ პროექტის განხორციელება ახალ განზომილებას გვაძლევს სტრატეგიული განვითარებისთვის და პარტნიორებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს უშველებელი პოტენციალი გააჩნია განახლებადი ენერგიის წარმოების და ექსპორტის კუთხით. ჩვენ შევიტანთ წვლილს ენერგოუსაფრთხოების კუთხით ევროპაში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.