14 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით ჰააგის გამოძიება საქართველოს სასარგებლოდ დასრულებულია, თუმცა ომის თემა ქვეყნის შიგნით ისევ ბრალდებების მიზეზად რჩება

2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, ჰააგის გამოძიება საქართველოს სასარგებლოდ დასრულებულია, თუმცა ომის თემა ქვეყნის შიგნით ისევ ბრალდებების მიზეზად რჩება. მმართველი გუნდი დღეს იმ ფაქტორებზე საუბრობს, რასაც ისტორიულ გადაწყვეტილებაზე შესაძლოა, უარყოფითად ემოქმედა.

საქმე ისევ 2008 წლის ევროსაბჭოს რეზოლუციას ეხება, თუმცა ამჯერად დოკუმენტის მე-11-ე პუნქტს, რომლის შინაარსიც დეპუტატებს გუშინ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა პარლამენტის ტრიბუნიდან გააცნო. მმართველი გუნდის შეფასებით, მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ამ ჩანაწერის მხარდაჭერა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ქართული მხარის მიერ ომის დანაშაულების ჩადენის აღიარების მცდელობა იყო.

რატომ დაუჭირა მხარი ყოფილმა ხელისუფლებამ ამ განცხადებას? - "ნაციონალურ მოძრაობაში" დღესაც ძველი არგუმენტი მოიყვანეს, რომ დოკუმენტის სხვა ჩანაწერები ქვეყნისთვის მეტი სარგებლის მომტანი იყო. ჰააგაში საქართველოს წარმატებას "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებს მსჯავრდებული ყოფილი მთავარსარდალიც. მიხეილ სააკაშვილმა დღეს ფეისბუქ პოსტში დაწერა, რომ ჰააგის გამოძიება ხელოვნურად იქნა ინიცირებული 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, მაშინ, როცა მისი თქმით, 2012 წელს ყველა პროცედურა დასრულებული იყო. ექსპრეზიდენტი მადლობას უხდის ყველა იმ სამხედროს, რომელიც მისივე განცხადებით, "არ გაიყიდა" და საქართველოს, სამხედრო ხელმძღვანელებისა და მის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა.

სახელისუფლებო გუნდში კი აცხადებენ, რომ 2012 წლამდე, "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ საქართველოს საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, რასაც ვერანაირი არგუმენტი ვერ ამართლებს. ჰააგის გადაწყვეტილება "ქართული ოცნებისთვის" ერთის მხრივ, მათი სათანადო ძალისხმევის შედეგია, მეორეს მხრივ კი იმის დადასტურება, რომ სიმართლე საქართველოს მხარეს არის.

საქმის დახურვის მიუხედავად, ჰააგის პროკურორის ოფისი ომის დამნაშვეების ძებნას განაგრძობს. დამნაშავეებად უკვე დამდგარი განაჩენის მიხედვით გამოცხადნენ ეთნიკური ოსები გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, გამლეტ გუჩმაზოვი და დავით სანაკოევი - ისინი საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგნენ. კიდევ ერთი დამნაშავე კი რუსი გენერალი, ვიაჩელსავ ბორისოვია, რომელიც უკვე გარდაცვლილია.

დღის ამბები