14 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
ახალი პროექტი და შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს - ისტორიული დოკუმენტი ხელმოწერილია

ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლე კიდევ ერთი ისტორიული მოვლენის მემატიანე გახდა. საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. ოთხ ქვეყანას საერთო ინტერესები აქვთ, გაიზარდოს შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოება, მოხდეს ევროკავშირისთვის ენერგიის მიწოდების დივერსიფიცირება და ზოგადად, გაიზარდოს განახლებადი ენერგიის წილი.

ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება ითვალისწინებს შავ ზღვაში, წყალქვეშ 1000 მეგავატი სიმძლავრის კაბელის გაყვანას და მისი მეშვეობით ელექტროენერგიის ტრანსპორტირებას. ევროკავშირი ზრდის კავშირს სამხრეთ კავკასიასთან და საქართველო ხდება ევროკავშირის "გლობალური კარიბჭის" სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველო, როგორც ხიდი აღმოსავლეთისა და დასავლეთის დერეფანში - ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის სატრანზიტო როლზე გაამახვილა ყურადღება.

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა, რაც საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს - ეს ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვებია. ურსულა ფონ დერ ლაიენი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას. ახალი გეოპოლიტიკური ენერგოუსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად, ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, ევროპა ფინანსებს არ დაიშურებს.

რეგიონში არსებული კრიზისისა და გამოწვევების ფონზე ევროპა ენერგიის მიღების ალტერნატიულ გზებს ეძებს. ქვეყნები კი საკუთარი პოტენციალის გაზრდას და სრულად ამოქმედებას ცდილობენ. მაგალითად აზერბაიჯანმა უკვე გააფორმა შეთანხმება ევროკავშირთან, რაც ევროპის სივრცეში აზერბაიჯანული ენერგო რესურსების ექსპორტის გაზრდას გულისხმობს. ბუნებრივია ამ სქემაში საქართველო საკვანძო როლს ასრულებს. ოთხმხრივი შეთანხმების ავტორები, ენერგოკრიზისის დასაძლევად ერთობლივ თანამშრომლობას, უალტერნატივო გზად მიიჩნევენ.

გადაწყვეტილება მიღებულია, ხელშეკრულება ხელმოწერილი - ახლა დღის წესრიგში საკითხის იმპლემენტაცია დგება. საქართველომ პროექტირების პროცესში რამდენიმე მილიონი უკვე დახარჯა. წინასწარი შეფასებით ალტერნატიული ენერგო მატარებლის პროექტის მოსამზადებლად მინიმუმ სამი მილიარდი დაიხარჯება. მთავრობის წევრების შეფასებით სტრატეგიული გადაწყვეტილება, საქართველოს როლს შეცვლის როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა , რომ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების კონტექსტში მნიშვნელოვანი მოვლენაა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და რუმინეთის მთავრობის ხელმძღვანელებმა პირისპირ საუბრისას. რუმინელ კოლეგასთან შეხვედრის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველო მასშტაბური, ევროპული შეთანხმების დროულად განხორციელების ერთგული რჩება.

 

დღის ამბები