14 ნოემბერი 2024,   21:09
ვრცლად
ისტორიული დოკუმენტი ხელმოწერილია - ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი შავი ზღვის ფსკერზე გაივლის და საქართველოს ევროკავშირთან დააკავშირებს

შაბათს, ბუქარესტში ისტორიული მემორანდუმი გაფორმდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იცვლება გეოპოლიტიკა და იზრდება საქართველოს როლი. შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის კაბელი საქართველოს ევროკავშირთან დააკავშირებს. მწვანე ენერგიას ევროპა საქართველოდან და საქართველოს გავლით მიიღებს. საქართველო "ენერგო ჰაბი" გახდება" - ეს ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვებია. ბუქარესტში ისტორიული შეხვედრა და საქართველოს როლი ურსულა ფონ დერ ლაინმა სწორედ ასე შეაფასა.

"საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი კაბელის პროექტი" წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. შავი ზღვის ფსკერზე გამავალმა კაბელმა ერთმანეთთან საქართველოსა და რუმინეთის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კილომეტრია, აქედან 95 კილომეტრამდე სახმელეთოა 1100 კილომეტრი კი წყალქვეშ გავა. ეს იქნება ელექტროენერგიის ყველაზე გრძელი კაბელი, ელექტროკაბელის სიმძლავრე კი 1000 ს მეგავატამდე იქნება. ქსელის საშუალებით საქართველო შეძლებს როგორც ენერგორესურსის ექსპორტს, ასევე იმპორტს. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პარალელურად გაივლის ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტ კაბელიც, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელე-კომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.

საქართველოს გარდა, გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას გამოიყენებს აზერბაიჯანიც. მეზობელი ქვეყანა ელექტროენერგიის ექსპორტს აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით, სწორედ საქართველოს გავლით განახორციელებს. აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ელექტროენერგია საქართველოს გავლით ახალი ქსელის საშუალებით მოხვდება ევროპაში. ჯერ კიდევ 24 ოქტომბერს, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ, საქართველოში ვიზიტისას ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას ისაუბრა. ითქვა, რომ აზერბაიჯანი გეგმავდა ენერგიის ექსპორტს და ამისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას განიხილავდა. 27 ოქტომბერს, საქართველოს სატრანზიტო და ენერგო პოტენციალზე იყო საუბარი ბუდაპეშტშიც საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ - მინისტრების შეხვედრის დროსაც. 17 დეკემბერს, ბუქარესტში გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელი სწორედ აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის პირველმა პირებმა მოაწერეს.

რას ნიშნავს საქართველოსთვის ამ პროექტის განხორციელება - საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი კაბელის პროექტი ნიშნავს საქართველოს ენერგოსისტემის პირდაპირ დაკავშირებას ევროპის ერთიან ელექტრო-ენერგეტიკულ ქსელთან. ასევე, საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის პოტენციალის ზრდას. გარდა ამისა, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში, პირველად მიმდინარე წლის 10 თვეში, საქართველომ ექსპორტზე 990 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია გაიტანა, ეს მაჩვენებელი კი ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს გახდეს ენერგოექსპორტიორი და პარალელურად სატრანზიტო ჰაბიც. ექსპერტების შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი გამოწვევაა, ორმაგად მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება.

საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობების გასაძლიერებლად მომდევნო წლებში ახალი ჰესების, ქარის, მზისა და თბოსადგურების მშენებლობა იგეგმება, რაც ქვეყანას დამატებით 2000მდე მეგავატის გამომუშავების საშუალებას მისცემს.

 

 

დღის ამბები