14 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
"თითი თითზე არ ჰქონდა დადებული "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას, გაფუჭებული თუ ჰქონდათ რაიმე ამ მიმართულებით, თორემ გაკეთებული არაფერი" - მიხეილ სარჯველაძე ჰააგის გადაწყვეტილებაზე

2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, ჰააგის გამოძიება საქართველოს სასარგებლოდ დასრულებულია, თუმცა ომის თემა ისევ ბრალდებების მიზეზია.

უმრავლესობა "ნაციონალურ მოძრაობას" 2008 წლის რეზოლუციის მე-11 პუნქტს ახსენებს, რომელშიც ყოფილი ხელისუფლება ხელს აწერდა ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ომის დანაშაულებში ორივე მხარე მონაწილეობდა.

მმართველი გუნდი თვლის, რომ მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ამ ჩანაწერის მხარდაჭერა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ქართული მხარის მიერ ომის დანაშაულების ჩადენის აღიარების მცდელობა იყო.

"გახსოვთ, როდესაც ეს საქმე წამოწყებული იქნა, თითი თითზე არ ჰქონდათ დადებული "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას, გაფუჭებული თუ ჰქონდათ რაიმე ამ მიმართულებით, თორემ გაკეთებული არაფერი. ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. დიახ, ხელის შემშლელი იყო მათ შორის ის დოკუმენტები, რომელსაც აქტიურად ხელს აწერდნენ, რომელ დოკუმენტებსაც ქმნიდნენ და მათ შორის, გავიხსენოთ ის რეზოლუციაც, რომელსაც ხელი მოაწერეს. გახსოვთ თქვენ მაგალითად, ზოგიერთი მათი წარმომადგენლის ახსნა, რომ სხვა პუნქტებში იყო საინტერესო რაღაცები და ამიტომ მოვაწერეთო ხელიო. პრაქტიკულად რუსეთის და საქართველოს ბრალეულობა თანაბრად როდესაც არის შეფასებული, ამის შემდეგ რომ ვინმეს ენა მოუბრუნდება და კიდევ რამეზე პრეტენზია და ამბიცია ექნება, ეს მართლა ნიშნავს იმას, რომ ეს არის პოლიტიკური ამორალობა," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

რატომ დაუჭირა მხარი ყოფილმა ხელისუფლებამ ამ დოკუმენტს? - "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ დოკუმენტის სხვა ჩანაწერები ქვეყნისთვის მეტი სარგებლის მომტანი იყო.

"დამტკიცდა ის, რომ ჩვენ არ გვყოლია დამნაშავე მთავარსარდალი, გენერლები, ოფიცრები და სამხედროები. ჩვენ გვყავდნენ გმირი სამხედრო მოსამსახურეები. ეს დაამტკიცა ჰააგის სასამართლომ და თუ კი ვინმე აქამდე საქართველოს, სამხედროებს, მთავარსარდალს ვინმე რამეს აბრალებდა, მოუწევს მათთვის ახსნა თუ რატომ აკეთებდა ამას იმიტომ, რომ ისინი მართლები იყვნენ ქვეყნის წინაშე, ეს თავისთავად ცხადია იყო და მართალი აღმოჩნდნენ ყველას წინაშე," - განაცხადა ენმ-ს წევრმა დავით კირკიტაძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი და პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს უჩნდება უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება იმ დევნილებისთვის, რომლებმაც უშუალოდ 2008 წლის ომის დროს ზიანი მიიღეს.

"აღძრა თუ არა იგივე ტიპის სისხლისსამართლის საქმე ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ სამ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც ჰააგის პროკურორის მიერ არის დასახელებული. საქართველოს უჩნდება უფლება მოითხოვოს რეპარაცია, ანუ ზიანის ანაზღაურება იმ დევნილებისთვის, რომლებმაც უშუალო ზიანი მიიღეს 2008 წლის ომის დროს.

მე ხელთ მაქვს გაეროს რეზოლუცია, რომელიც ეხება უკრაინასთან დაკავშირებით რეპარაციას, რომელიც დაახლეობით 1 თვის წინ არის მიღებული და აქ არაფერი საქართველოზე არ არის ნათქვამი და მაინტერესებს უბრალოდ, რიტორიკულად მაინც დაუსვას ამ ანტიქართველებს, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან აპირებენ თუ არა მსგავსი ტიპის რეზოლუციის ინიცირებას," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ სიმართლემ გაიმარჯვე და დამტკიცდა, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია.

"ფაქტი დადგინდა, სიმართლემ გაიმარჯვა. საქართველოს ომი არ დაუწყია, ომი დაიწყო რუსეთმა, რუსეთი არის ოკუპანტი, დაპყრობილი აქვს ჩვენი ქვეყნის 20%. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი გმირი მეომრები იბრძოდნენ ღირსეულად და არც ერთი სამხედრო დანაშაული არ აღმოჩენილა ქართული ჯარის მიერ," - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

  

დღის ამბები