14 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენას განაგრძობს

პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენას განაგრძობს. იურიდიულ კომიტეტზე საბჭოს არამოსამართლე წევრობის სამ კანდიდატი, ნოდარ პაპუკაშვილი, სულხან სალაძე და ლიკა საჯაია უკვე წარდგნენ.

მათ საკუთარ პრიორიტეტებზე ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც, უნდა გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება მართლმსაჯულების და სასამართლო სისტემის მიმართ. ასევე, ისაუბრეს, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს სანდოობა სასამართლო სისტემის მიმართ.  

"ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა კომპეტენციების და გადაწყვეტილების მიღების ნაწილში, ცალკეული მოსამართლეების გაძლიერება, რომელმაც უნდა შექმნას პრეცედენტები იმისი, რომ მოსამართლეები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი და მონაწილეობენ მთელ რიგ პროცესებში, რაც სამოსამართლეო საქმიანობას უკავშირდება, მათ დაცვის მეტი გარანტიები სჭირდება," - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი სულხან სალაძე.

დეპუტატებს ჰქონდათ კითხვებიც.

"პოლიტიკურად მიკერძოებული შეიძლება იყოს მოსამართლე? პოლიტიკური საქმიანობა - ეს ერთია, მაგრამ დეონტოლოგიის  ტესტი როდესაც განსაზღვრავს, რომ უფრო მაღალ სტანდარტს დებს არასაქმიანობის მიღმაც ნეიტრალური იყოს, ეს რამდენად შეიძლება იყოს გავლენა," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატმა ლიკა საჯაიამ განაცხადა, სასამართლო პოლიტიკურად მიკერძოებული არ უნდა იყოს.

"პოლიტიკურად მიკერძოებული არ უნდა იყოს სასამართლო და სწორედ ამას ვგულისხმობთ, რომ ერთია, როდესაც მას ვავალებთ საჯარო განცხადებები აკეთოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვით და ძალიან ბუნდოვანია ეს ცნება. და მეორე არის, როცა პოლიტიკურ იდეებს პირდაპირ გამოხატავს მოსამართლე და ასეთი ცუდი პრაქტიკაც გვქონდა, როცა ერთ-ერთი მოსამართლე პარლამენტის წევრობის კანდიდატს პირდაპირ ეთერში დაუჯდა პოლიტიკურ დებატებში, ასეთი რამ არ უნდა არსებობდეს. სწორედ ეს არის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა," - აცხადებს ლიკა საჯაია.

კანდიდატების მოსმენა დღეს დასრულდება.

დღის ამბები