ეყოლება თუ არა საახალწლოდ ქვეყანას ახალი ომბუდსმენი - ეს მიმდინარე კვირას, რიგგარეშე სესიაზე გახდება ცნობილი. საკითხზე მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან მორიგი კონსულტაცია გამართა, თუმცა შეხვედრაზე პოლიტიკური სპექტრი საერთო კანდიდატზე ვერ ჩამოყალიბდა.
ამასთან, როგორც პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, შემოთავაზებულ 5 კანდიდატს პარტია მხარს არ დაუჭერს.
"უნდა ვიმსჯელოთ სტანდარტის მიხედვით და ჩვენ არ უნდა ვიმსჯელოთ მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტებით. ჩვენ გვყავს კანდიდატები, ვინც არიან პროფესიონალები, მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ძალიან დიდი ხანი. ამიტომ სტანდარტით, როდესაც ვუყურებთ, ეს ადამიანები იმსახურებენ, რომ კენჭისყრაზე მიიღონ მაქსიმალური ხმები. საპარლამენტო უმრავლესობას ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ 5 კანდიდატის შემოთავაზება. შემოთავაზებული კანდიდატებიდან არ ვეთანხმებით არცერთს," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარის მოსაზრებას. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მმართველმა ძალამ თუ მოახერხა და რადიკალური ოპოზიციიდან გადმოიბირა დეპუტატები, მაშინ "ოცნება" შეძლებს მისთვის სასურველი კანდიდატის გაყვანას.
"პოსტები არის საბაბი. ამის მიზეზი არის ის, რომ ყველას თავისი კანდიდატის გაყვანა უნდა. მოგეხსენებათ "ქართულ ოცნებას" 87-მდე ხმის მობილიზება შეუძლია, აკლია ფაქტობრივად სამი ხმა. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ თავისი კანდიდატის გაყვანას ცდილობდეს, თუნდაც ოპონენტი დეპუტატების გადაბირების ხარჯზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, მოახერხებს თუ არა "ქართული ოცნება" "ნაცმოძრაობიდან" საჭირო ხალხის გადმობირებას მათთვის სასურველი კანდიდატის ასარჩევად," - აცხადებს იაგო ხვიჩია.